ეუთოს ვერაგი რეზოლუცია
რუსეთში ეუთოს რეზოლუცია “შეურაცხმყოფელ ანტირუსულ გამოხდომად,” “ისტორიაზე ძალადობით,” “რუსეთის წინააღმდეგ ახალ პოლიტიკურ დემარშად” მონათლეს. “ვინც ერთ საფეხურზე აყენებს ნაციზმსა და სტალინიზმს, დაავიწყდა, რომ სწორედ სტალინურმა საბჭოთა კავშირმა გაიღო ყველაზე დიდი მსხვერპლი და უდიდესი წვლილი შეიტანა ევროპის ფაშიზმისაგან გათავისუფლებაში”, - აღშფოთებით განაცხადა რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ეუთოში, სახელმწიფო დუმის საერთაშორისო საქმეების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ალექსანდრე კოზლოვსკიმ.
რუსეთის დიპლომატიამ პასუხი გასცა ჩვენი ქვეყნის მისამართით შეურაცხმყოფელ გამოხდომას ეუთოს პარლამენტართა მხრიდან. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია, ფაქტობრივად, ათანაბრებს სტალინის რეჟიმსა და ნაციზმს, ამახინჯებს ისტორიას, - განაცხადა ახლახან გამართულ ბრიფინგზე რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ანდრეი ნესტერენკომ. “დაუშვებლად მიგვაჩნია ის ფაქტი, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში არის მცდელობა პოლიტიკური მიზნებით ისტორიის დამახინჯებისა, რაც ამ ორგანიზაციათა წევრ სახელმწიფოებს შორის ხელს როდი შეუწყობს ნდობისა და თანამშრომლობის ატმოსფეროს შექმნას”, - ხაზი გაუსვა მან თავის გამოსვლაში. ანდრეი ნესტერენკომ ისიც აღნიშნა, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა დამოუკიდებელი სტრუქტურაა, რომელიც ეუთოს სისტემაში მოქმედებს. “ეუთოს დირექტიული ორგანოების გადაწყვეტილებებისგან განსხვავებით, საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია მიიღება არა კონსენსუსით, არამედ ხმათა უმრავლესობით, და ამიტომ არ არეკლავს ყველა მისი მონაწილის კონსოლიდირებულ თვალსაზრისს. მათ აგრეთვე არ აქვთ ვალდებულების ძალა როგორც ეუთოს მონაწილე სახელმწიფოთა, ისევე ეუთოს როგორც საერთაშორისო ორგანიზაციისთვის”, - აღნიშნა რუსმა დიპლომატმა.
ზემონათქვამთან დაკავშირებით შეგახსენებთ, რომ ვილნიუსში 29 ივნისიდან 3 ივლისამდე გამართულ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე ე. წ. “ეუთოს საპარლამენტო კომიტეტმა დემოკრატიის სფეროში” მიიღო რეზოლუცია პრეტენზიული სახელწოდებით - “გახლეჩილი ევროპის გაერთიანება”. დოკუმენტში (რომელიც, სხვათაშორის, ხმათა უმნიშვნელო უპირატესობით მიიღეს) ნათქვამია, რომ XX საუკუნეში ევროპული ქვეყნები დაზარალდნენ ორი ტოტალიტარული რეჟიმით, რომლებმაც კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული და გენოციდი მოიტანეს. ეს ნაცისტური და სტალინური რეჟიმებია. ამგვარად, ნაციზმი და სტალინიზმი გაათანაბრეს, თუმცა ასეთი გათანაბრების შედეგები, უპირველესად, საფრთხეს უქმნის რუსეთს და არა გერმანიას. კერძოდ, რეზოლუცია დაუშვებლად აცხადებს “ტოტალიტარული რეჟიმებისთვის განდიდებას სტალინური წარსულის აღსანიშნავი საჯარო დემონსტრაციების გამართვით.”
ამგვარად, ევროპელი პარლამენტარები, ფაქტობრივად, ლახავენ რუსეთის უფლებას, სამხედრო აღლუმები გამართოს გამარჯვების დღის აღსანიშნავად, რომ აღარაფერი ვთქვათ რფ კომუნისტური პარტიის მიერ მიტინგების გამართვაზე. სამაგიეროდ, ისტორიის მათი - “ევროპული” ვერსიის დაკნინებას არავის აპატიებენ. ასე მაგალითად, იტალიაში მუსოლინის ფაშისტური რეჟიმი, იმავე საპარლამენტო ასამბლეის დებულებით, სულაც არ მიიჩნევა ტოტალიტარულად. ეს ეხება ფრანკოს ესპანეთსაც, 1970-იანი წლების საბერძნეთში “შავი პოლკოვნიკების” რეჟიმსაც, სალაზარის დიქტატურას პორტუგალიაშიც, პილსუდსკის რეჟიმს პოლონეთშიც და ხორტისტულ რეჟიმს უნგრეთშიც. ევროპარლამენტმა ასევე არ გადასცა ანათემას პროფაშისტული რეჟიმები ომამდელ აღმოსავლეთ ევროპაში (ბალტიისპირეთსა და რუმინეთში).
ლიტველმა დეპუტატებმა (რომლებიც სლოვაკელ კოლეგებთან ერთად ამ სკანდალური ინიციატივის ავტორები არიან) გაჩუმება ამჯობინეს იმაზე, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესია იმართებოდა ვილნიუსში, რომელიც სწორედ “სტალინის სისხლიანი რეჟიმის” დამსახურებითაა დღეს ლიტვის დედაქალაქი და არა პოლონეთის პროვინციული ქალაქი (სსრ კავშირის შემადგენლობაში შესვლისას და მეორე მსოფლიო ომის დამთავრებისას ლიტვის ტერიტორია თითქმის მესამედით გაიზარდა პოლონეთისა და გერმანიის ყოფილი ტერიტორიების ხარჯზე). ამ ანტირუსული “ევროყბედობის” მონაწილეები რუსოფობიული ინსტინქტების აყოლით, ფაქტობრივად, ზურგში აფურთხებენ საკუთარ ისტორიას (და ამით თავიანთი წარსულისა და აწმყოს დეზავუირებასაც ახდენენ). ბუნებრივია, მათ არ აღმოაჩნდათ იმდენი გამბედაობა, რომ ეღიარებინათ ჰიტლერთან დანაშაულებრივი შეთქმულება და ჩეხოსლოვაკიის შემდგომი დაშლა. რეზოლუცია, აგრეთვე, მოუწოდებს, უგულებელყოფილ იქნეს “ისტორიის შელამაზებისკენ მიმართული საქციელობრივი სტრუქტურები და მოდელები”. ეს კი, გარდა იმისა, რომ რფ პრეზიდენტის მიერ ამასწინათ შექმნილი ისტორიის ფალსიფიკაციასთან მებრძოლი კომისიის წინააღმდეგ მორიგი გამოხდომაა, გასული საუკუნის შუა ხანების მოვლენების ნებისმიერი ინტერპრეტაციის (გარდა ზოგადევროპულისა!) აკრძალვაცაა.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას კომენტარი გაუკეთა დემოკრატიისა და თანამშრომლობის ინსტიტუტის პარიზის განყოფილების თავმჯდომარემ ნატალია ნაროჩნიცკაიამ:
- სინამდვილეში ეს დოკუმენტი ერთ-ერთი ლოგიკური რგოლია მეორე მსოფლიო ომისა და ფაშიზმზე გამარჯვების ისტორიის დამახინჯების ჯაჭვში. საქმე ისაა, რომ დასავლეთი ცდილობს, ნაციზმის ცოდვების გამო დანაშაულის კომპლექსისგან გათავისუფლდეს. ამიტომაც სჭირდება ნაციზმისა და კომუნიზმის გათანაბრება, რათა სსრკ ისეთივე საზიზღარ ტოტალიტარულ მონსტრად გამოაცხადოს, როგორიც იყო ჰიტლერული გერმანია; და ამით გაათავისუფლოს არასრულფასოვნების კომპლექსით დატანჯული ევროპა. არადა, სწორედ ჩვენი ქვეყნისა და უდიდესი გამარჯვების წყალობით, როგორც პუშკინი წერდა, “ჩვენი სისხლით გამოისყიდა ევროპამ თავისუფლება, ღირსება და მშვიდობა...”
ახლა კი ევროპელებს წინა თარიღით სურთ, “ნიურნბერგის პროცესი” გაუმართონ საბჭოთა კავშირს, რათა ის დანაშაულებრივ სახელმწიფოდ გამოაცხადონ და, შესაბამისად, ეჭვქვეშ დააყენონ სსრ კავშირის ხელმძღვანელობის ხელმოწერა იალტისა და პოტსდამის ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე. მათ მოსვენებას არ აძლევს ჩვენი ვეტოს უფლებაც გაეროს უშიშროების საბჭოში, რაც დასავლეთს ხელს უშლის, იოლად განახორციელოს ყველა საჭირო გადაწყვეტილება, რათა მსოფლიოს ყველა კუთხეში ბომბების დახმარებით დაამყაროს თავისი არაჩვეულებრივი დემოკრატია. ჩვენთვის ომისა და გამარჯვების საყოველთაო განმარტება არა მხოლოდ შელახული თავმოყვარეობისთვის ხარკის გადახდაა, არამედ საგარეო პოლიტიკური ამოცანაც, რადგან რუსეთის ფედერაცია დღეს XX საუკუნის მეორე ნახევრის ყველა საერთაშორისო სამართლებრივი გადაწყვეტილებისა და ხელშეკრულების სამართალმემკვიდრეს წარმოადგენს (რომლებზეც სსრ კავშირის ხელმოწერაა). ამიტომ ფხიზლად უნდა ვადევნოთ თვალი ასეთ დემარშებს.
რაც შეეხება თავად ერთგვაროვნობის არსს, სამეცნიერო თვალსაზრისით, ის ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. კომუნიზმი, როგორც თეორია, დოქტრინა და მსოფლიოს სურათი დასავლეთევროპული ფილოსოფიის პირმშოა. მარქსიზმიც ლოგიკურად გამომდინარეობდა იმავე ფოიერბახისა და სხვა მოაზროვნეთა ფილოსოფიური შეხედულებებისგან. ის ლიბერალიზმის ბიძაშვილია და არა მისი ანტიპოდი, რადგან მისი საბოლოო მიზანი არა მხოლოდ უკლასო, არამედ უეროვნებო, უმრწამსო საყოველთაო გლობალური თანამეგობრობის შექმნაა გლობალური მმართველობის ქვეშ. ლიბერალიზმში ისტორიის მამოძრავებელ სუბიექტს ინდივიდი წარმოადგენს, აქ კი - კლასი, მაგრამ არა ერი.
რაც შეეხება ჰიტლერულ ნაციზმს, ეს უპირველესად, კერპთაყვანისმცემლური დოქტრინაა ადამიანებისა და ერების ბუნებრივი უთანასწორობის შესახებ. ეს ქრისტიანობისა და, საერთოდ, მონოთეისტური ცივილიზაციის მთავარი ეთიკისგან - ღმერთის წინაშე ადამიანებისა და ერების ეთიკური თანასწორობისგან (მეფისა და მონისთვის საერთო მორალი) გადახრაა. კომუნიზმი მიზნად ისახავს მთელი სამყაროს კეთილდღეობასა და საყოველთაო თანასწორობას, რათა ამ მიზნის სამსხვერპლოზე ყველაფერი ეროვნული დადოს; ხოლო ჰიტლერის ნაციზმი თავისი რასის გადაქცევას აპირებდა ბატონების ერთადერთ რასად, რომელთა ფერხთით უნდა გართხმულიყო მთელი მსოფლიო. ასე რომ, არ არსებობს ორი იმაზე ურთიერთგანსხვავებული იდეოლოგია, ვიდრე ნაციზმი და კომუნიზმია.
საყურადღებოა, რომ 1917 წლის ყველა “რევოლუციის დემონისგან” ევროპელები მხოლოდ სტალინს გამოარჩევენ. არ ეხებიან ლენინსაც კი, ხოლო ტროცკი მათთვის საერთოდ კერპია, თუმცა, როგორც ცნობილია, ყველაზე საზარელი რეპრესიები სწორედ იმ დროს ხორციელდებოდა, როცა ქვეყნის სათავეში ეს ადამიანები იყვნენ. ცნობილი “ტროიკები” გასამართლების გარეშე ხვრეტდნენ გიმნაზისტ გოგონებს, არქიტექტორებს, ინჟინრებსა და სხვებს.
სინამდვილეში დასავლეთი ემადლიერება “რევოლუციის დემონებს” იმის გამო, რომ მათ დიდი ქრისტიანული მართლმადიდებლური იმპერია დაანგრიეს. სტალინი კი სძულთ არა რეპრესიების (ამ პარამეტრით ისინი ერთნაირები არიან), არამედ იმის გამო, რომ მას უკავშირდება ჩვენი ხალხის დიადი გამარჯვება. სტალინის სახით (საბაბად მის მიერ განხორციელებულ რეპრესიებს იყენებენ) მათ ჩვენი გამარჯვების დაკნინება სურთ. სხვათაშორის, ევროპელები “ყველა დროისა და ხალხების დემონებად” არ აცხადებენ საკუთარ ბოროტმოქმედებს; მაგალითად, რობესპიერს, რომელმაც პირველმა განახორციელა მასშტაბურად რევოლუციური ტერორის პრინციპი... და თუმცა საფრანგეთის რევოლუციას მსხვერპლის რაოდენობით ჯერჯერობით ბადალი არ ჰყავს, რომელ განსჯაზეა ლაპარაკი, როცა პარიზში დანტონის ქანდაკება აღუმართავთ!
კმ.რუ
არქივი
| კვ | ორ | სა | ოთ | ხუ | პა | შა |
| 1 | 2 | 3 | ||||
| 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
| 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
| 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
| 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
შეაფასეთ სტატია
Русская версия
English version






კომენტარები (0 კომენტარი):
დატოვეთ კომენტარი