გერმანიის დაზვერვის ახალი სცენარი
არსებული საფინანსო-ეკონომიკური კრიზისი მომავლის გლობალურ მსოფლიო წესრიგში სიღრმისეულ ცვლილებებს შეიტანს. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ გერმანიის დაზვერვის ანალიტიკოსები. ამასვე ლაპარაკობენ ეკონომისტები და პოლიტიკოსები კონფერენციებსა და ფორუმებზე.
გერმანიისთვის, რომელიც ევროკავშირის უდიდესი ქვეყანა და მსოფლიოში უპირველესი ექსპორტიორია, კრიზისის შემდგომი მსოფლიო მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული საკითხია: მისი პოლიტიკური წონა და გავლენა ეკონომიკურ ძლიერებაზე ბევრადაა დამოკიდებული.
ჟურნალში «Internationale Po¬litik» (IP), რომელიც ბერლინში გამოდის, საგარეო პოლიტიკის გერმანულმა საზოგადოებამ გერმანიის დაზვერვის ფედერალური სამსახურის (BND) მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. ავტორები შეეცადნენ, წარმოედგინათ ახალი მსოფლიო მოწყობის შესაძლო სცენარები იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული მთავრობების მიერ კრიზისის დასაძლევი ღონისძიებები არაეფექტიანი გამოდგა.
სცენარი სამგვარი ჩამოყალიბდა: მსოფლიოს შენელებული ეკონომიკური ზრდა ამერიკის როლის დომინანტით, «აზიის საუკუნე» ჩინეთის დიქტატით და «კაცობრიობის ჩათრევა არასტაბილურ მსოფლიოში».
პირველი სცენარი ოპტიმისტურია. ამ შემთხვევაში აშშ მსოფლიოს ცენტრალური რგოლის როლს ინარჩუნებს.
BND-ის ანალიტიკოსები ბაზრებში სიტუაციის შესაძლო დაწყნარებას, მსოფლიო ეკონომიკისადმი ნდობის დაბრუნებას ეფუძნებიან. IP-ს პუბლიკაციაში - «მსოფლიოს ახალი განზომილება» - ნათქვამია, რომ ეს არ უზრუნველყოფს ზრდის ახალ გიგანტურ ნახტომებს, მაგრამ შესაძლებელს გახდის აუჩქარებელ და მუდმივ განვითარებას. ამ სცენარის მიხედვით აშშ გარკვეული დროით შეძლებს თავისი წამყვანი როლის შენარჩუნებას.
ასეთი პერსპექტივა ვერაფერს შეცვლიდა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროცესში, რომელიც, როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, განუხრელად გაგრძელდება. ამის საწინდარია სამი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი: ჩინეთის ხელსაყრელი დემოგრაფიული განვითარება, ახალ ტექნოლოგიებზე ნადირობა, აშშ მზარდი ფინანსური დამოკიდებულება საზღვარგარეთზე. აქედან გამომდინარე, სამი მსხვილი პოლიტიკურ-ეკონომიკური ბლოკის - ამერიკის, ევროკავშირისა და ჩინეთის ბალანსი გადაიწევს აღმოსავლეთის მიმართულებით.
ოპტიმისტური სცენარის პირობებში, ენერგოშემცვლელები გაძვირდება - წარმოების ზრდა გამოიწვევს მოთხოვნილების ზრდას. «შედეგად, ნედლეულის ისეთი ექსპორტიორები, როგორიც რუსეთი, არაბეთის ქვეყნები და ვენესუელაა, შეძლებენ, კვლავ დააგროვონ ახალი კაპიტალი, ამ მოვლენისათვის დამახასიათებელი ყველა უპირატესობითა და ნაკლოვანი მხარეებით, - ლაპარაკია IP-ის სტატიაში, - სწორედ ვენესუელამ და რუსეთმა გამოიყენეს ნავთობისა და გაზის ექსპორტით მიღებული მილიარდობით დოლარი, რათა უფრო დიდი პოლიტიკური წონა მოეპოვებინათ საერთაშორისო ასპარეზზე. მზარდი შემოსავალი რუსეთისთვის შეიძლება საკუთარი ეკონომიკის მოდერნიზაციის მამოძრავებელი ძალა გახდეს, რაც მას ასე სჭირდება და რაც ასე აუცილებელია სტაბილურობის უზრუნველსაყოფად».
BND-ის ანალიტიკოსების აზრით, ჩინური სცენარი ახლანდელი კრიზისის გაცილებით არასასიამოვნო შედეგი იქნება. იგი (სცენარი) იმ შემთხვევაში წარმოიქმნება, თუ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში განსახორციელებელი ანტიკრიზისული პროგრამები საკმარისად ეფექტიანი არ გამოდგა აღნიშნული პროგრამებისადმი ცალკეული მთავრობების მიდგომების განსხვავებულობის გამო. ასეთი სიტუაცია გერმანულ დაზვერვას მაინცდამაინც არარეალისტურად არ მიაჩნია. ამგვარი საშიშროების წინაშე შეიძლება დადგეს აშშ გიგანტური ანტიკრიზისული პროგრამა. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ამერიკა თავს უფლებას ვერ მისცემს, ვალში განახორციელოს მსხვილი ანტიკრიზისული პროგრამები. გერმანელ მზვერავებს მიაჩნიათ, რომ ეს პროგრამები ისედაც ბევრად არის დამოკიდებული ჩინეთის გულუხვობაზე, რადგან სწორედ პეკინისგან იღებს ვაშინგტონი უზარმაზარ ვალებს.
ერთი წუთით ყურადღება ჩვენს პრობლემებზე გადავიტანოთ, გავითვალისწინოთ გერმანელების ანალიზი და ცხადად დავინახავთ, რომ ის დახმარება, რომელსაც საქართველო ამერიკიდან იღებს კრიზისის დასაძლევად, ვალიდან აღებული ვალი ყოფილა.
ვინ აძლევს უზარმაზარ სესხებს შტატებს? - ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა. ვინ არ მისცა ხმა უშიშროების საბჭოს რეზოლუციას გაეროს დამკვირვებელთა მისიისთვის საქართველოში ვადის გაგრძელების შესახებ? - ოთხ სახელმწიფოს შორის, რომლებმაც თავი შეიკავა, ერთ-ერთი ჩინეთი იყო.
ამ ბოლო ხანებამდე ვინ ჰყავდათ ელჩად მივლინებული პეკინში? - თბილისის საკრებულოს ხეპრე თავმჯდომარე, რომელმაც 2007 წლის 8 ნოემბრის დილას წარმატებით ჩატარებული დარბევების აღსანიშნავად რუსთაველზე ზონდერბრიგადების აღლუმი მიიღო.
ასეთი «დიპლომატები» იცავენ საქართველოს ინტერესებს საერთაშორისო ასპარეზზე!
ლომაია ხომ ლალი და იაგუნდია თანამედროვე ქართული დიპლომატიის ნაყალბევ გვირგვინში!
ჩინეთით განვაგრძოთ, რომელიც უდიდესი მასშტაბის ანტიკრიზისულ პროგრამას განახორციელებს. ნიშანდობლივია, რომ ეს პროგრამა კიდევ უფრო დააჩქარებს ამ ქვეყნის ტექნოლოგიურ მოდერნიზაციას. შედეგად, იგი ძალიან სწრაფად გახდება დომინირებული სახელმწიფო აზიაში, აშშ კი იძულებული გახდება, თუნდაც, ფინანსური მოსაზრებით, შეკვეცოს მსოფლიოში თავისი მოქმედების რადიუსი. «საბოლოო ჯამში მივიღებთ ორპოლუსიან მსოფლიოს, - ნათქვამია გერმანულ პუბლიკაციაში, - ორი სახელმწიფო, აშშ და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, დაუპირისპირდება ერთმანეთს».
ამ შემთხვევაში ჩინეთმა, თავისი ეკონომიკური სიძლიერიდან გამომდინარე, აშშ დოლარს მსოფლიოს წამყვანი ვალუტის როლი შეიძლება წაართვას იუანის სასარგებლოდ.
საგარეო პოლიტიკაში «ჩინეთის საუკუნემ» შეიძლება აზიას წამყვანი როლი დაუმკვიდროს საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და მსოფლიო ბანკში, რაც დასავლეთის დომინირების დასასრულს მოასწავებს.
ასეთი პერსპექტივა, მიიჩნევენ BND-ის ანალიტიკოსები, დანარჩენი მსოფლიოსთვის «დრამატული» იქნება: ევროკავშირი სერიოზულად დასუსტდება, რადგან მასში შემავალი ქვეყნების ეროვნული ეკონომიკა ორიენტირებულია ამერიკის ბაზარსა და მის მომხმარებელზე.
რაც უფრო გაძლიერდება ჩინეთი, თანამეგობრობის ქვეყნები თავიანთ პრიორიტეტებს უფრო მეტად აღმოსავლეთისკენ მიმართავენ. «ნედლეულის რესურსებიც, - გვაფრთხილებს გერმანიის დაზვერვა, - უფრო ინტენსიურად წარიმართება აზიისკენ, რადგან მათზე მოთხოვნილება ჩინეთში გაიზრდება, აშშ და ევროპაში კი - დაეცემა».
მაგრამ ამის გამო ნედლეულის ექსპორტიორებმა ახალი, მასშტაბური გეგმების შედგენა დაუყოვნებლივ არ უნდა დაიწყონ, რადგან აზიის რეგიონში BND-ს მათი მომავალი ბოლომდე გარკვეული არ აქვს: «დღევანდელი დაბალი ფასები მნიშვნელოვნად არ აიწევს, თუ ორივე მსხვილ ბლოკში - ამერიკასა და ევროკავშირის ქვეყნებში ნედლეულზე მოთხოვნილება არ გაიზრდება».
ამ პოზიციაზე დაყრდნობით გერმანული დაზვერვა მიიჩნევს, რომ რუსეთი უფრო დასავლეთისკენ გაიწევს, ვიდრე დათანხმდება ჩინეთზე დამოკიდებული «უმცროსი პარტნიორის» როლს. ამასთან, შესაძლებლად მიიჩნევენ მოვლენათა ისეთ განვითარებას, როცა რუსეთი ჩინეთის წინააღმდეგ შემტევ პოზიციას დაიკავებს და განაახლებს თავის ეროვნულ ტონალობას.
მაგრამ ყველაზე უფრო დრამატულად ჩანს მოდელი, რომელიც ყველა ანტიკრიზისული ღონისძიების არაეფექტიანობას ეფუძნება.
ეროვნული ეკონომიკების იზოლაცია და პროტექციონიზმი ეკონომიკის დეგლობალიზაციას გამოიწვევს. ასეთი განვითარების შედეგების წინასწარმეტყველებაზე BND-ის ექსპერტები უარს ამბობენ, თუმცა გვაფრთხილებენ, რომ უმუშევრობის ზრდა, სოციალური დაზღვევის სისტემების მოშლა და ამით გამოწვეული პოლიტიკური დაძაბულობა ამერიკასა და ევროპაში, რაც საზოგადოებრივ არეულობაში განივთდება, ყველაზე უმნიშვნელო პრობლემად წარმოდგება. «ნამდვილი შეშფოთება შეიძლება გამოიწვიოს იმ ქვეყნებში შექმნილმა მდგომარეობამ, რომლებიც ბირთვულ იარაღს ფლობენ. ასეთებია: ჩინეთი, რუსეთი და პაკისტანი, - აღნიშნავს IP, - თუ გაჩერდება ისეთი «ექსპორტის მანქანა», როგორიც ჩინეთია, მსოფლიოს დღემდე წარმოუდგენელი მასშტაბის მასობრივი უმუშევრობა და ადამიანების მიგრაცია დაემუქრება».
თუ მსოფლიოში გაგრძელდება და გაღრმავდება რეცესია, ენერგოშემცველების ფასი კი არ მოიმატებს, - დაიკლებს, რასაც შესაბამისი შედეგები მოჰყვება მწარმოებელთათვის. თავის მხრივ, ეს გამოიწვევს მწარმოებელ ქვეყნებში პოლიტიკური დესტაბილიზაციის გაძლიერებას. მაგალითად, რუსეთში, რომელსაც არ აღმოაჩნდება საჭირო რაოდენობის სახსრები სოციალური კონფლიქტების «კომპენსაციისთვის», ასევე, თავისი სახელმწიფოსა და ეკონომიკის მოდერნიზაციისთვის. «შიდა დაძაბულობის ზრდის შემთხვევაში, - ნათქვამია პუბლიკაციაში, - რუსეთის ხელმძღვანელობამ შეიძლება დაიწყოს მტრების დემონსტრაციული ძებნა თავისი საზღვრების მიღმა».
მოამზადა არმაზ სანებლიძემ
| კვ | ორ | სა | ოთ | ხუ | პა | შა |
| 1 | 2 | 3 | ||||
| 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
| 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
| 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
| 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
Русская версия
English version






კომენტარები (1 კომენტარი):
დატოვეთ კომენტარი