გერმანელები ობამას მერკელის შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ
პრეზიდენტი ბარაკ ობამა, რომელიც კაიროში მუსლიმანურ სამყაროსთან ურთიერთობის დალაგებას ცდილობდა, შესაძლოა, გერმანიაში ჩამოსვლით ახლა კანცლერ ანგელა მერკელთან ცდილობს ხიდების გადებას, რისთვისაც მას ყველა დიპლომატიური ინსტრუმენტის ამოქმედება დასჭირდება. გერმანიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებულ ჰარმონიაზე ოფიციალური განცხადებებისა და არაოფიციალური ჩივილების მიღმა ამ ორ ქვეყანას შორის ბზარი გაჩნდა. ჯერჯერობით საქმე ურთიერთობის კრიზისამდე არ მისულა, თუმცა არსებობს ფარული დაძაბულობა და აზრთა სხვადასხვაობა უამრავ საკითხზე - მსოფლიო ეკონომიკური კრიზისიდან დაწყებული გუანტანამოს პატიმრების მომავლით დასრულებული.
ისეთი განცდა ჩნდება, რომ ობამას ადმინისტრაცია ძველი მოკავშირეების რჩევებისა და მოთხოვნების იგნორირებას ახდენს, თუმცა საეჭვოა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ევროპის უმსხვილეს ეკონომიკასთან და რუსეთთან ისედაც დაძაბულ სიტუაციაში საუკეთესო შუამავალთან თავს ჩხუბის უფლება მისცეს. «ისინი ნაწყენები არ არიან, არ არიან განწყობილნი ობამას ან ამერიკის წინააღმდეგ, თუმცა მათ აშფოთებთ იმ კრიტიკის ტალღა, რომელიც ადმინისტრაციიდან და მასთან დაახლოებული ადამიანებისგან მათი მისამართით მოდის», - მიაჩნია გერმანიაში აშშ ყოფილ ელჩს და დღეს ბერლინში მოღვაწე ბიზნესკონსულტანტს ჯონ კორნბლუმს.
«ვერ ვიტყვით, რომ მათ ობამა არ მოსწონთ. უბრალოდ, ისინი ფიქრობენ, რომ ყველაფერი ისე არ არის, როგორც უნდა ყოფილიყო. თითქოს, მთავრობა არ ცდილობს მოლაპარაკებების ხელშეწყობას», - ამბობს კორნბლუმი.
ობამა დრეზდენში, ყოფილ აღმოსავლეთ გერმანიის ტერიტორიაზე ხუთშაბათს საღამოს ჩავიდა. მისი ვიზიტის პროგრამაში, ასევე, შედის ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკის «ბუჰენვალდის» და ლანდშტულში ამერიკული სამხედრო ჰოსპიტლის მონახულება. ამ დროს გერმანულ მედიას უჩნდება კითხვა: «რატომ არ აპირებს ობამა ბერლინში ჩასვლას?» ამას ისინი ქალბატონი მერკელის შეურაცხყოფად მიიჩნევენ. კანცლერის მრჩეველები ამაში მსგავსს ვერაფერს ხედავენ და პირიქით, ობამას აღმოსავლეთ გერმანიისადმი ყურადღებას უწონებენ, სადაც მერკელი გაიზარდა.
მიუხედავად იმისა, რომ ობამა გერმანიაში გამორჩეულად პოპულარულია, მისი ურთიერთობა ქალბატონ მერკელთან დასაწყისიდანვე არაერთგვაროვანი იყო. მერკელის გადაწყვეტილებას, ვაშინგტონში არ გამგზავრებულიყო ობამასთან შესახვედრად და ამის ნაცვლად მასთან ერთად გერმანიაში მოეწყო ვიდეოკონფერენცია, განსაკუთრებულად სიმბოლურ მნიშვნელობას ანიჭებენ.
უთანხმოების პირველი ნიშნები უკვე შარშან ზაფხულში გამოჩნდა, როდესაც მერკელმა ობამას, რომელიც იმ დროს საპრეზიდენტო კამპანიას ეწეოდა, ბრანდენბურგის კარიბჭესთან სიტყვით გამოსვლის ნება არ დართო და განაცხადა, რომ «გამოსვლისთვის ეს შეუფერებელი ადგილი იყო». ამის შემდეგ ობამამ სიტყვა იქვე ახლოს მდებარე ძეგლთან წარმოთქვა, რომლის მოსასმენადაც 200 000-ზე მეტი ადამიანი მივიდა.
გერმანიაში ბევრს მიაჩნია, რომ ბრწყინვალე ობამა და საფრანგეთის ექსტრავაგანტული პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი ერთმანეთთან საერთო ენას ბევრად უფრო მარტივად პოულობენ, ვიდრე სერიოზულ ქალბატონ მერკელთან და ნატოს მმართველობით სტრუქტურაში საფრანგეთის დაბრუნებაზე სარკოზის გადაწყვეტილებაც, იმის მიუხედავად, რომ ამას ავღანეთის ომზე გავლენა არ მოუხდენია, გერმანიის გადაწვეტილების მკვეთრი კონტრასტი გახლდათ, რომელმაც უარი განაცხადა ავღანეთის სამხრეთით მიმდინარე ბრძოლებში მონაწილეობის მიღებაზე, სადაც სიტუაცია ძალიან დაიძაბა.
ამავე დროს, მემარცხენე სოციალ-დემოკრატებში, რომლებიც სექტემბრის საპარლამენტო არჩევნებში მერკელის ქრისტიან-დემოკრატების კონკურენტები არიან, ობამას პოპულარობა, ასევე, ხელს უწყობს ამერიკის პრეზიდენტის კანცლერთან უთანხმოებას. სოციალ-დემოკრატები, რომლებიც იძულებულები იყვნენ, ქალბატონი მერკელის კოალიციაში უმცროსი პარტნიორების ადგილი დაეკავებინათ, ობამას ბუნებრივ მოკავშირედ აღიქვამენ.
«ქრისტიან-დემოკრატები ბუშის ადმინისტრაციასთან იმაზე ახლოს იყვნენ, ვიდრე ამის აღიარება სურთ. ისეთი კონსერვატორისთვის, როგორიც კანცლერია, იმის აღიარება, რომ ბევრის თვალსაზრისით პოლიტიკურად ის ამ ადმინისტრაციასთან ახლოს იყო, მარტივი არ არის», - გვიხსნის ჰერცი.
ეკონომიკური კრიზისის დაწყებამდე ორი ქვეყნის ურთიერთობა საგრძნობლად გაცივდა, რამაც კიდევ უფრო გააღრმავა გერმანიის მთავრობისა და ობამას ადმინისტრაციის განსხვავებული შეხედულებები ბიუჯეტის სტიმულირების საკითხებზე. ქალბატონი მერკელი დარწმუნებული იყო, რომ ამერიკელები სათანადოდ ვერ აფასებდნენ ინფლაციის საფრთხეს, ამერიკის ადმინისტრაცია კი ამტკიცებდა, რომ კანცლერი კრიზისის მნიშვნელობას და მასშტაბს ვერ აცნობიერებდა.
ობამას პრეზიდენტობის დასაწყისში მერკელის მთავრობის ჩინოვნიკები სახაზინო დეპარტამენტში საშუალო რგოლის კადრების დეფიციტმა შეაშფოთა. გერმანელებს დღემდე უკვირთ, რომ ობამას მისი ინაუგურაციიდან ოთხი თვის განმავლობაში გერმანიაში წარმომადგენელი არ დაუნიშნავს. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ პრეზიდენტი საშინაო პრობლემებითა და ერაყისა და ავღანეთის ომებით იმდენადაა დაკავებული, რომ მის ყველაზე ერთგულ ევროპელ მოკავშირეებს ყურადღების მიღმა ტოვებს.
«ევროპაში იმედგაცრუება აშკარად იგრძნობა და ყურადღების დეფიციტზე ჩივილი სულ უფრო ხშირად ისმის», - ამბობს ვაშინგტონის სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი სტივენ ფლენიგანი.
გარდა ამისა, გერმანიის ოფიციალური პირები იმითაც იყვნენ უკმაყოფილოები, რომ მოლაპარაკებებზე, რომლებიც ავტომობილების უმსხვილესი მწარმოებლის «Opel გადარჩენას ეძღვნებოდა, ამერიკაში მისი მშობელი კომპანიის «General Motors»-ის გაკოტრების შემდეგ, ამერიკამ დაბალი რანგის ჩინოვნიკი გამოგზავნა. გერმანელი პოლიტიკოსები, მერკელის ჩათვლით, საპარლამენტო არჩევნებამდე უმსხვილესი დამსაქმებელი საწარმოს კრახში სასაცილოს ვერაფერს ხედავენ და მაინც, კარსტენ ფოიგტი, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში გერმანულ-ამერიკული ურთიერთობების კოორდინატორი, არ ეთანხმება იმ აზრს, რომ ამ ქვეყნების ურთიერთობები გართულებულია, რაშიც მას მერკელის მრჩეველებიც ეთანხმებიან, რომლებიც სამართლიანად აღნიშნავენ, რომ ეს ობამას მხოლოდ მესამე ვიზიტია ევროპაში.
«ამერიკის შეერთებულ შტატებში ასეთ საკითხებს დრო სჭირდება, გარდამავალი პერიოდი ყოველთვის ხანგრძლივი და უსიამოვნოა», - დარწმუნებულია ფოიგტი.
ნიკოლას კულიში
«ნიუ-იორკ თაიმსი»
| კვ | ორ | სა | ოთ | ხუ | პა | შა |
| 1 | 2 | 3 | ||||
| 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
| 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
| 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
| 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
Русская версия
English version






კომენტარები (0 კომენტარი):
დატოვეთ კომენტარი