ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაკარგული მილიონები
ზომა
A

ხუთშაბათი, 22 აგვისტო / 2013 10:43

ერთი სურათის ისტორია

ეს ფოტო 2006 წლის 9 სექტემბერსაა გადაღებული. ის პერიოდია, როცა მიხეილ სააკაშვილი ერთმანეთის მიყოლებით საზეიმოდ ხსნის საავადმყოფოებს, ქარხნებს, ფაბრიკებს _ ერთი ღამის პეპლებს, რომლებსაც არსებობის დიდი დღე არ უწერიათ.


 

ამ ფოტოზე აღბეჭდილია ვაზიანის მაღალი წნევის მთლიან ლითონური ბალონების საწარმოში მიხეილ სააკაშვილის სტუმრობა.

სტუმრობას გააჩნია:

«მაყრიონით» მივიდა სააკაშვილი, ორი ავტობუსი ხალხი მიიყვანა და საწარმოს ფაქტობრივ ხელმძღვანელს _ გენადი უშვერიძეს დავალება მისცა: ყველანი სამუშაოდ უნდა მოაწყოო. საქვეყნოდ, საჯაროდ.

ნოუ ჰაუ! პრეზიდენტი ზრუნავს თავისი ქვეყნის მოქალაქეთა დასაქმებაზე საჯაროდ და საჯაროდვე იხსნის პასუხისმგებლობას: ჩემი ხელიდან დავასაქმე და დანარჩენი ამას მოჰკითხეთო.

რაც იყო

ეს მოხდა, როგორც ვთქვით, 2006 წლის 9 სექტემბერს.

_ მოვიდა სააკაშვილი, ხელი ჩამოგვართვა და გვკითხა: ამხელა ქარხანა რომ აგიშენებიათ, ახლა რა გინდათო, _ იხსენებს იმ დროს თერმული საამქროს მთავარი სპეციალისტი თამაზ შუბლაძე, _ ვთხოვეთ კრედიტი. რადგან ეს ქარხანა სახელმწიფო საკუთრება იყო, არც ერთი ბანკი კრედიტს არ იძლეოდა. პრობლემა არ არისო. წავიდა და 1 ოქტომბერს მოვიდა ბრძანება, _ ქარხანა იკეტება პრივატიზაციის რეჟიმში გადაყვანასთან დაკავშირებითო.

_ ვისი ბრძანება?

_ ეკონომიკის მინისტრ არველაძის. ვთხოვეთ, დამზადებული პროდუქციის გაყიდვის უფლება მაინც მოეცათ, მუშებისთვის ხელფასი რომ გადაგვეხადა. პოლიტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისთვისაც უნდა მიგვეცა ფული, რომლებმაც სააკაშვილის მოყვანილი ახალგაზრდები ამ ქარხანაში სამუშაოდ მოამზადეს. მინისტრის მოადგილე დამენიამ (ახლა ციხეშია) უარით გვიპასუხა.

აი, ასე ხელმძღვანელობდა სააკაშვილი და მისი გუნდი ქვეყნის ეკონომიკას, რაც ახლა სატრაბახოდ გაუხდია საპარლამენტო უმცირესობას, «ნაციონალების» .. ელიტას.

_ სპეციფიკა არ ესმოდათ და არ ესმით ამ ქარხნის, _ სიტყვას ურთავს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის მეტალურგიული ფაკულტეტის კათედრის გამგე, პროფესორი ალექსანდრე გორდეზიანი, _ სასწრაფოდ უნდათ ფულის გაკეთება «კოკა-კოლას», ლუდის გაყიდვით. მაგრამ ხომ ელემენტარულია, რომ, თუ საქართველოში ეკონომიკა არ განვითარდა, თუ ქარხნები არ აშენდა და ამუშავდა, ხალხი არ დასაქმდა, ეკონომიკა არ შეიქმნება, საუკუნეებიც რომ გავიდეს. შვიდი წლის განმავლობაში, რაც ეს ქარხანა გაჩერებულია, გაძარცულ-გაკულაკებულია და გაპარტახებულია, 20 მილიონი ლარი მაინც შეუვიდოდა ბიუჯეტს.

ქარხნის გაყიდვით ერთბაშად ფულის გაკეთება მოუნდათ ბიჭებს _ 2 მილიონ 700 ათასის. ერთბაშად. ეს ფასი დაადო ეკონომიკის სამინისტრომ. გაიტანეს აუქციონზე, ვერ გაყიდეს.

სანამ ეს ქარხანა ნიავდებოდა, მიხეილ სააკაშვილი სხვაგან ახალ საწარმოებს ხსნიდა, რომლებიც რიგ-რიგობით ლეთას მიჰქონდა, როგორც სოფელ ნორისში დიდი ხმაურით, საზეიმოდ გახსნილი ჩაის საშრობი ქარხანა, რომლის ადგილზე დღეს ცარიელი კედლებიც აღარ არის.

რაიონებში გახსნილი «ხუთვარსკვლავიანი საავადმყოფოების» ზღაპარიც დამთავრდა...

ჩვენ ახლა ვაზიანის ბუნებრივ გაზზე მომუშავე მაღალი წნევის მთლიანი ლითონური ბალონების დამამზადებელ ქარხანაზე ვსაუბრობთ; ყოფილ ქარხანაზე, რადგან დღეს ამ ორჯერ გაქურდული, ყოფილი ხელისუფლების მიერ სპეკულაციის საგნად ქცეული, პურის საცხობიდან მოყვანილი და მედროვე ეკონომიკის მინისტრების ხელში იავარქმნის პირზეა მიყვანილი: გამოშიგნულია დაზგა-დანადგარები, დაჟანგულია მოწყობილობა და ჯერ კიდევ ძველ პეწშენარჩუნებულია თეთრკედლება საამქროები და შესანიშნავად მოწყობილი დამხმარე სათავსოები, გასახდელები, საშხაპე.

ამ ქარხანაზე, მის გასაჭირზე «საქართველო და მსოფლიო» ჯერ კიდევ 2011 წლის შემოდგომაზე წერდა, ამიტომ, ეგებ, ღირს ორი წლის თავზე ჩვენს მკითხველს მოკლედ შევახსენოთ მისი აღზევებისა და დაცემის ისტორია.

გლობალური პრობლემის გადაწყვეტის ვარიანტი

გასული საუკუნის 90-იან წლებში გაეროს მიერ მიღებული კონცეფცია-რეკომენდაცია, რომელიც გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ იყო მიმართული, 2020 წლამდე დაახლოებით 25 მილიონი ავტომობილის თხევად და ბუნებრივ გაზზე გადაყვანას ითვალისწინებდა.

_ ავტორიტეტულ კვლევებზე დაყრდნობით სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ 2050 წლისთვის ბენზინის საწარმოებლად ნავთობი თანდათან ამოიწურება არაბეთის ქვეყნებში, 2100 წელს კი მხოლოდ გაზი დარჩება მის მომპოვებელ ქვეყნებში და შემდეგ ისიც გაქრება, _ ამბობს ამ საწარმოს ექსპერტთა საბჭოს თავმჯდომარე, ფაქტობრივად კი ხელმძღვანელი, გენადი უშვერიძე, უკრაინის საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, _ ერთ მშვენიერ დღეს დამიკავშირდა სატრანსპორტო სამინისტროდან ერთ-ერთი ფირმა და შემომთავაზა გაზის ბალონების დამამზადებელი ქარხნის ამუშავება. ამ დიდი საქმისთვის თავის დასადგმელად ჯერ საჭირო იყო შესაბამისი დაზგის გაკეთება. უკრაინელ მეცნიერ-სპეციალისტებთან კონსულტაციის გავლის შემდეგ აქ, საქართველოში, შევქმენით ასეთი დაზგა _ ბალონის თავისა და ძირის ჩასაგლინი დანადგარი.

ეს დანადგარი მზად იყო, როცა ბერძენმა ინვესტორმა შემოგვთავაზა ასეთი ქარხნის მის ქვეყანაში ამუშავება. დავთანხმდით. სრულად გადაიხადა ჩვენ მიერ დახარჯული ფული. და როცა უნდა შევდგომოდით საქმეს, ჩვენმა დიპლომატიურმა წარმომადგენელმა საბერძნეთში აცნობა საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის თავმჯდომარეს _ ვაშაკიძეს, რომელიც მაშინ იმ ქვეყანაში იმყოფებოდა, ჩვენი პროექტის შესახებ. მან ხელიდან არ გაუშვა ეს სარფიანი წამოწყება და წინადადება მომცა, რომ ეს ქარხანა საქართველოში აგვემუშავებინა. დავთანხმდი და საოცრება შევძელით _ 8 თვეში ავამუშავეთ ევროსტანდარტების დონის ქარხანა.

_ რომელი წელია?

_ 2005. ჩვენი, მეტალურგიული ფაკულტეტის 40 კურსდამთავრებული შევარჩიეთ, ვასწავლეთ, რისი ცოდნაც სჭირდებოდათ ამ სპეციფიკურ ქარხანაში და მუშებად ვამუშავეთ.

_ ქარხანას ჩვენი ხელით ვაშენებდით, _ აზუსტებს პროფესორი ალექსანდრე გორდეზიანი, _ დოქტორები, მეცნიერებათა კანდიდატები. მიზერულ გასამრჯელოს ვიღებდით, მაგრამ ვიცოდით, რომ ამ საწარმოს კარგი პერსპექტივა ექნებოდა და, ყოველგვარი პათეტიკის გარეშე გეტყვით, ენთუზიაზმით ვმუშაობდით.

_ 12 პროფესორი ათმეთაურებად გვყავდა, მუშებად _ უმაღლესი ტექნიკური განათლების მქონე ახალგაზრდები, _ ღიმილით იხსენებს ბატონი გენო.

_ თქვენ?

_ მე, ჩემი მაღალი აკადემიური წოდებიდან გამომდინარე, _ სამუშაოთა მწარმოებელი გახლდით, საჭიროების შემთხვევაში _ შავი მუშა. დღე და ღამე გაერთიანებული გვქონდა, ორ წყებად ვმუშაობდით.

უკრაინელებიც ჩვენთან ერთად იყვნენ, რადგან ხურების სისტემა მათი იყო, მათი გამოგონება, და პირველად ჩვენთან კეთდებოდა.

2006 წლის 1 ივნისისთვის ყველაფერი მზად გვქონდა, მაგრამ ნავთობის კორპორაცია აპრილში გააუქმეს, გაზის კომპანიას შეუერთეს და ჩვენ ჰაერში გამოკიდებულები დავრჩით. მაგრამ ვაშაკიძემ, ნავთობის კორპორაციის ყოფილმა თავმჯდომარემ, გვითხრა, პრეზიდენტს მოვიყვან საზეიმო გახსნაზე და დაგეხმარებათ, აბა, რას იზამსო.

9 სექტემბერს მოვიდა პრეზიდენტი, არაფერი ნანახი რომ არ ჰქონდა ისე, თავზე დაგვაყენა ორი ავტობუსი უმუშევრები, ესენი უნდა დაასაქმოთო. ქარხანას რომ ათვალიერებდა, თანმხლებებს ჰკითხა, ეს მერამდენე ასეთი ქარხანააო საქართველოში?

ყველა მე მომიბრუნდა.

_ თქვენ რით გაახარეთ?

_ მე ვუთხარი, რომ საქართველოში პირველია, მსოფლიოშიც პირველია, სადაც უახლესი ტექნოლოგიით კეთდება ხურება.

_ სანამ სააკაშვილი მოვიდოდა, მარიკა ვერულაშვილმა (თქვენ იცით, ვინაა მარიკა ვერულაშვილი), რამდენიმეჯერ გადაგვაღებინა ქარხნის ფასადი, კედლები. ეს ფერი არ უყვარს, ის ფერი არ უყვარს და ა. შ. _ ამატებს ბატონი თამაზ შუბლაძე.

_ საქმეზე როდის გადავიდა?

_ მთლიანი ციკლის დათვალიერების შემდეგ მეკითხება, _ აგრძელებს ბატონი გენო, _ რა გინდათ, რა გიშლით ხელსო. ვუპასუხე, რომ ხელს არაფერი გვიშლის, წარმოების გადიდება-გაფართოების მიზნით კი სტაციონარული დანადგარების შესაძენად გვჭირდება მილიონ-ნახევარი დოლარი, რომელსაც ერთ წელიწადში დაგიბრუნებთ-მეთქი.

_ ორი ავტობუსი ხალხი?

_ ეს ხალხი დაგვიტოვა. შევასწავლეთ ახალგაზრდებს, რაც საჭირო იყო. პოლიტექნიკურის პროფესორები ასწავლიდნენ, კაცო! ყოველდღე ლექციები ტარდებოდა. 55-მა ახალგაზრდამ სერთიფიკატი მიიღო, მათ შორის ოთხმა _ საერთაშორისო. ჩაფიქრებული მქონდა, ახლომდებარე სოფლებში პუნქტების გახსნა და გლეხებისთვის სასოფლო-სამეურნეო იარაღის დამზადებაში დახმარების გაწევა.

ვინ გაცალა!

მოვასწარით და დავამზადეთ 1000 ცალი ბალონი. 285 ირანმა იყიდა. დაგვიკვეთა 200 ათასი ბალონი. ჩვენი სიმძლავრეებით კი მხოლოდ 60 ათასის გამოშვება შეგვეძლო, ამიტომაც გვჭირდებოდა საწარმოს გაფართოება. სახელმწიფოს მოგებაც შესაბამისად გაიზრდებოდა. ამისთვის ვითხოვეთ დაფინანსება. ყველაფერი გათვლილი გვქონდა.

წავიდა «მაღალი სტუმარი» და არ ვიცი, რა ბუზმა უკბინა, ნავთობკომპანიას ჩამოართვეს ჩვენი საწარმო და ეკონომიკის სამინისტრომ გასაყიდად გაიტანა. სახელმწიფო საწარმო იყო და გამოიყენეს საკუთარი უფლება.

_ რატომ ვერ გაყიდეს?

_ პირველი მყიდველები თურქები იყვნენ, ისინიც ჩვენ მივუყვანეთ. მაგრამ სამინისტრომ ორი-სამი თვე გაწელა ტენდერის გამოცხადება, თურქები გაბრაზდნენ და წავიდნენ. როცა ბოლოს და ბოლოს გამოაცხადეს, კაციშვილი არ მოვიდა.

ხუთი მინისტრი გამოვიცვალეთ ამასობაში და ამ საქმეს თავი ვერც ერთმა ვერ დაადგა.

_ მიზეზი?

_ ერთ ამბავს მოგიყვებით. ჩასული ვიყავი თავრიზში. 2007 წლის ნოემბერია. მოველაპარაკეთ ირანის ერთ-ერთ ფირმას, შევთანხმდით და მათაც მზადყოფნა გამოთქვეს, რომ შეისყიდიდნენ ჩვენს ქარხანას.

ვბრუნდები თავრიზიდან. სტამბოლში მოგვიწია დაფრენა. აეროპორტში რუსი სპეციალისტები გამოგვეცნაურნენ. მოვყევით იქითურს, აქეთურს და ბოლოს საოცრებას მეუბნებიან: თქვენმა პრეზიდენტმაო, ისე გამოლანძღა პუტინი, რომ ამას წინათ არმიის გენერალიტეტის წარმომადგენლები მივიდნენ პრეზიდენტთან და უთხრეს: _ ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ, ჩვენ ვერ მოვითმენთ რუსეთის პრეზიდენტის შეურაცხყოფას. მოგვეცით უფლება, უბრალოდ, თანხმობა, ერთ ბომბს ჩამოვაგდებთ და პირისაგან მიწისა წავშლით საქართველოსო.

_ რა უპასუხა პუტინმა?

_ როგორც ჩემმა თანამოსაუბრეებმა მითხრეს, პუტინს ასე უპასუხია: _ ღმერთი ჩვენ ამას არ გვაპატიებს. მომეცით დრო და მე დავსჯი ქართველ ხალხს, რომელმაც ეს ჟღვინტიანი მახინჯი პრეზიდენტად აირჩიაო.

გავვოგნდი, ეს რომ გავიგონე! ანერვიულებული ჩამოვედი თბილისში, თან ვერაფერს ვამბობ... ახლა რომ გამოვიდა ტელევიზიით სააკაშვილი და პუტინის სიტყვები რომ მოიხმო _ დაახვიე ეგ ქაღალდები და ერთ ადგილზე შეირჭეო, ახლა მივხვდი, როგორ უგინებია მიშას პუტინი.

გადმოვინაცვლოთ საქართველოში. ჩვენთან იმდენი რაიონია, იმდენი გამგებლით, რამდენჯერაც მეტია რუსეთი საქართველოზე. დაახლოებით ასეა. მოდი და რომელიმე გამგებელს მიშასთვის ეთქვა: _ შე შობელძაღლო (ან უარესი), ჩამოდი თვითმფრინავიდან, მაღლა-მაღლა რომ დაფრინავ და საქართველოს მოუარეო, ხომ დედაბუდიანად ამოწყვეტდნენ იმ რაიონს?

შენ ამხელა ქვეყნის პრეზიდენტს რომ აგინებ, ვინ გაპატიებს...

2008 წლის 27 ივლისს თავრიზიდან თბილისში ჩამოვიდა ქალაქის მერის მოადგილე, მასთან ერთად _ დიზელის ძრავების უნიკალური ქარხნის თანამეპატრონე, დავწერეთ ხელშეკრულება, ყველაფერზე შევთანხმდით. 5 აგვისტოს ისინი გავისტუმრე, 8-ში ომი დაიწყო! 15-ში ირანიდან მირეკავენ და მეუბნებიან, ჩვენთან გააკეთე ეს ქარხანაო.

ის დღე იყო და დაიწყო ქარხნის ძარცვა. ღუმელებს ხელი ვერ ახლეს, მძიმეა, კაბელები მიაჭრეს ძირში, მახურებელი დანადგარი (150 ათასი ევრო ღირს თითო) 6 კილოგრამი სპილენძის გულისთვის დაშალეს, ტრანსფორმატორში ზეთი არ დატოვეს, თუ კი სადმე რამე ღირებული იყო, ყველაფერი მოიპარეს.

_ აღდგენა შესაძლებელია?

_ რა თქმა უნდა. ჩემი გამოთვლით, ქარხნის მწყობრში ჩასაყენებლად 800 ათასი დოლარია საჭირო. ვისთან არ ვიყავით, ვის არ მივწერეთ _ ქობალიას, გილაურს, ბაქრაძეს. პასუხი ერთი იყო _ ტენდერში მიიღეთ მონაწილეობაო. ტენდერს კი არ აცხადებდნენ.

_ ბიზნესის ხელშეწყობის თვალსაზრისით კი, საქართველო მსოფლიოში მოწინავე ქვეყნად იყო გამოცხადებული.

დღეს რა ხდება?

ბატონ გენო უშვერიძეს მიაჩნია, რომ დღევანდელ პირობებში, ყოველ შემთხვევაში, ამ ქარხანასთან დამოკიდებულების თვალსაზრისით, არაფერი შეცვლილა.

_ იქნებ არ არის მოთხოვნილება თქვენს პროდუქციაზე და იმიტომ?

_ როგორ გეკადრებათ! ბალონების წარმოება გათვლილი იყო ექსპორტისთვის: ჩვენი პროდუქციით დაინტერესებული იყო ირანი, ინდოეთი, თურქეთი, ისრაელი, პაკისტანი და სხვა ქვეყნები. სანამ ჩვენ აქ ბიუროკრატიის კარზე ვმათხოვრობდით, ბალონების წარმოება დაიწყო სომხეთმა. მართალია, იქაური პროდუქცია ჩვენსას ხარისხით ვერ შეედრება, მაგრამ აწარმოებენ; აწარმოებს ჩინეთიც და რუსეთიც და ამ პირობებშიც ბალონებზე მოთხოვნა არ შემცირებულა. ჩვენ ნაწარმოებ ჟანგბადის ბალონებზე ჯანდაცვის დარგის მოთხოვნა 10 ათას ერთეულს შეადგენს: რუსეთიდან შემოტანილი ბალონები, რომლებსაც ახლა დარგში იყენებენ, კარგა ხნის ამორტიზებულია და შეცვლას მოითხოვს.

ახალი მთავრობა რომ მოვიდა საქართველოში, გამიხარდა. ორჯერ შევხვდი ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ქუმსიშვილს, სამჯერ _ დეპარტამენტის უფროსებს, ორჯერ თურქეთიდან ინვესტორები ჩამოვიყვანე. ტენდერს მაინც არ აცხადებენ. ვერ გავიგე, რა ჭირი და ჯანდაბა უნდათ?! არაფერს აკეთებენ... ახლა დაბოღმილი ვარ, ვფიქრობ, რომ ესენი არაფრის გამკეთებლები არ არიან. არ მინდა, მკვეთრი შეფასებები მივცე და მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ჩვენს მთავრობაში დახშული გონების ადამიანები სხედან, ან მეტი არ შეუძლიათ, ან საბოტაჟია.

როგორ შეიძლება, დახშული გონების ეკონომისტი ინჟინრის საქმეს აგვარებდეს?! საშუალო დონის ინჟინერი შეიძლება გახდეს უმაღლესი დონის ეკონომისტი, პირიქით კი _ არასოდეს _ უმაღლესი დონის ეკონომისტი საშუალო ინჟინერი ვერ გახდება.

ესაა, როგორც ჩანს, ერთ-ერთი ხელშემშლელი პირობა; მეორე, უთუოდ, სახელმწიფოებრივი აზროვნების დეფიციტია.

_ ისიც არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ ამ დონეებზე დარგების მართვის გამოცდილება არ გააჩნიათ.

_ კი, ბატონო. მაგრამ მაშინ დაგვიგდონ ყური ჩვენ, სპეციალისტებს _ იქნებ, ქვეყნისთვის სასარგებლო საქმეს ვთავაზობთ? ჩვენს ქარხანას, რომელიც ახლა გაჩერებულია, ამუშავების შემდეგ წელიწადში მინიმუმ 7 მილიონი ლარის მოგება შეუძლია მისცეს ქვეყანას; გაფართოების შემთხვევაში, _ გაცილებით მეტის.

ცოტაა?

_ მაგრამ ამისთვის გჭირდებათ სახსრები.

_ დასაწყისისთვის გვჭირდება. გადმოგვცენ ქარხანა, მოგვცენ 3 მილიონი, რომელსაც ერთ წელიწადში დავუბრუნებთ. ყველაფერი რეალურად მაქვს გათვლილი _ წარმოების გაფართოებაც, ხალხის დასაქმებაც და ა.შ.

_ ჯერჯერობით კი ადგილიდან არაფერი იძვრის?

_ სამწუხაროდ, ასეა. მაგრამ უძრაობას შეჩვეული არ ვარ და თურქეთში ვაკეთებ უნიკალურ მეტალურგიულ ქარხანას. ვერ მივაღწიე საქართველოში იმავეს გაკეთებას რუსთავის მეტალურგიული ქარხნისთვის, მისი რეკონსტრუქციისთვის. ტექნიკურ დეტალებზე არ შევჩერდები, მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ჩემი შეთავაზება რომ მიეღოთ (არადა, უკრაინელების _ «გიპრომესის» დახმარებით უსასყიდლოდ გავუკეთე ბიზნესგეგმა, 700 მილიონი ევროც ვიშოვე პირველი რეკონსტრუქციისთვის), ეს კომბინატი 3 წელიწადში 2 მილიარდი ლარის მოგებას მოგვცემდა; მომდევნო 5 წელიწადში _ 5 მილიარდამდე. სრულიად  ახალი ტექნოლოგიის _ მყარი აღდგენითი რეაქტორის ამუშავებით მივაღწევდით ამ დონეს. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ გამონაბოლქვი ათჯერ შემცირდება. რაც მთავარია, ამ პროცესისთვის საჭირო ელექტროენერგიას კომბინატი თვითონვე გამოიმუშავებდა.

მაგრამ ეს თემა შემდეგისთვის გადავდოთ.

ახლა კი გეტყვით, რომ საჭირო ფინანსური დახმარების მიღებიდან 6 თვეში ჩვენს ქარხანას ავამუშავებთ. ამ პროცესში 60 სპეციალისტს დავასაქმებთ, აღდგენისთანავე დამატებით 150 კაცს მივიღებთ, ოღონდ ფულადი სახსრებით დაგვეხმაროს მთავრობა.

დასკვნის მაგიერ

დღეისთვის ქარხანა, რომელზეც ამდენი ვილაპარაკეთ, ეკონომიკის სამინისტროს ხელშია. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი პუბლიკაციის შემდეგ სამინისტროს ხელმძღვანელობა, პირადად მინისტრი, ბატონი _ გიორგი კვირიკაშვილი თავისი წინამორბედი ქალბატონისგან განსხვავებით, რომელმაც არ იკადრა თავისი ნაზი თითის თითზე დაკარება გაზეთში გამოქვეყნებულ მასალაზე რეაგირების მოსახდენად, არ დაიზარებს, გამონახავს დროს საკითხის გადაწყვეტით დაინტერესებულ ადამიანებთან შესახვედრად და შვიდწლიანი პერიოდით მოცდენილი ქარხანა ბოლოს და ბოლოს ამუშავდება.

თორემ ახლანდელი სიტუაცია იმას ჰგავს, როცა ძაღლი თივაზე ზის და არც თვითონ ჭამს, არც სხვას აჭმევს.

არმაზ სანებლიძე

 

ახალი სტატიები
მსოფლიოს არხები და გაზეთის PDF ვერსია
ბოლო ნომერი (#386)
"ისტორიული მემკვიდრეობა"

ყურადღება: არანორმატიული და უხამსი ლექსიკის შემცველი კომენტარები არ გამოქვეყნდება. კომენტარები გამოქვეყნდება სამუშაო დღეებში 11-დან 18 საათამდე. 18 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები გამოქვეყნდება მეორე დღეს.
წერს: ხუმარა
ძაღლი თივას არა ჭამს
წერს: ***
რეებს ბჟუტურობთ საერთოდ. ეხლა ხომ სულ კარგადაა ყველაფერი. ეხლანდელი მტავრობა ჯობია იმას ხო? ეხლანდელი შიმშილი ჯობია მაშინდელ მაძღრობას ხო? ეხლანდელი მომეტებული კრიმინალი ჯობია მაშIნდელს ხო? როდის უნდა გაახილოთ თVალები ძალიან მაინტერესებს. სახელმწიფო ვალუტამ ჩალის ფასი მიიღო ამას როგორ ხსნით? სააკაშვილმა რაც ქვეყნისთვის გააკეთა ეს მთარრობა იმის ნახევარსაც ვერ გააკეთებს. რამ დაგაბრმავათ XალXო მართო უარყოფითებს რომ ეძებთ დადებითებს რატო არავინ უყურებს, ქვეყანა რომ ფეხზე დააყენა და ასპარეზზე გამოიყვანა ამას დაფასება არ უნდა? თქვენს ადგილას შემრცხვებოდა. ხფუი...
წერს: ყაზბეგის იაგო
ეტყობა აშშ–ის ელჩს სთხოვეს ნებათვა და უარი მიიღეს, ჯობია უცხოელი მომღერლების ჩამოყვანაში დახარჯეთ მილიონებიო და, რა თქმა უნდა, ასეც მოიქცნენ. მადლობა ბატონ არმაზს ასეთი აქტუალური, პატრიოტული, ღრმაშინაარსიანი და მთავრობისათვის გამომაფხიზლებელი და ჭკუის სასწავლებელი სტატიისათვის! ნამდვილად პირველ სკოლაში მიღებული საბაზო ცოდნის, ეროვნული აღზრდისა და ბატონი არმაზის შესანიშნავი პიროვნული თვისებების გაბრწყინებასთან გვაქვს საქმე!
კომენტარები Facebook კომენტარები
გაგზავნა
კომენტარი წარმატებით დაემატა!
Rss დასაწყისი
"ისტორიული მემკვიდრეობა" (ყველას ნახვა/არქივი)
გაზეთ "საქართველო და მსოფლიოს" ონლაინ ვერსია
  EISSN 2233-3908

© საქართველო & მსოფლიო 2017. ყველა უფლება დაცულა