სტატისტიკური შოკი
ზომა
A

პარასკევი, 05 ოქტომბერი / 2012 11:09

წერილი მესამე

ფასები, ინფლაცია

ამჟამად ფასების დონე თურქეთში მსოფლიო დონის 72.4 პროცენტია, ნაცვლად 2000 წლის 51.9 პროცენტისა. საქართველოში 2000-2011 წლებში ფასების დონე მსოფლიო დონის 30.8 პროცენტიდან 57.0 პროცენტამდე გაიზარდა. ამჟამად ფასების დონე საქართველოში თურქეთის დონის თითქმის 4/5-ია (78.8%), ნაცვლად 2000 წლის 3/5-სა (59.2%).


2000 წლის შემდეგდროინდელ პერიოდში, მიუხედავად იმისა, რომ ფასები საქართველოს შიდა სამომხმარებლო ბაზარზე გაცილებით ნაკლებად იზრდებოდა, ვიდრე თურქეთში (ზრდა _ 2.6-ჯერ უფრო დაბალი ტემპით), მსოფლიო დონესთან შიდა ბაზრის ფასების დაახლოების პროცესი საქართველოში გაცილებით დინამიურად მიმდინარეობდა. ამ დროის მანძილზე სხვაობა ფასების მსოფლიო დონესთან შემცირდა: საქართველოში – 26.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო თურქეთში – მხოლოდ 20.5 პუნქტით. ამის ძირითადი მიზეზი ქვეყნების მონეტარულ და საბანკო პოლიტიკაში და, აქედან გამომდინარე, სავალუტო კურსის დინამიკაში უნდა ვეძებოთ: თურქული ლირა აშშ დოლართან 2000 წლის შემდეგ დაეცა 1.9-ჯერ, ხოლო ქართული ლარი, პირიქით, გამყარდა (დაახლოებით 5 პროცენტით).

ეკონომიკური დისკომფორტის ინდექსი

აღნიშნული ინდექსი, როგორც ინფლაციისა და უმუშევრობის დონეთა კრებსითი მაჩვენებელი, თურქეთში 2011 წლისთვის 16.6 პროცენტია, რაც 2000 წლის დონეს (61.5%) მნიშვნელოვნად (3.7–ჯერ) ჩამორჩება.

თურქეთისაგან განსხვავებით, აღნიშნული ინდექსი საქართველოში ზრდის ტენდენციით ხასიათდება – მისი 2011 წლის  დონე 2000 წლისას 1.8-ჯერ აღემატებოდა (შესაბამისად, 25.8% და 14.4%). თუ ეკონომიკური დისკომფორტის ინდექსი საქართველოს 2000 წელს თურქეთისაზე 4.3-ჯერ უფრო დაბალი (ანუ, უფრო უკეთესი), 2011 წელს უკვე თითქმის 1.6-ჯერ უფრო მაღალი (ანუ, უფრო უარესი) ჰქონდა.

სახელმწიფო ბიუჯეტი

საგადასახადო ტვირთი – გადასახადების თანაფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან თურქეთში 1.5-ჯერ უფრო მაღალია საქართველოსთან შედარებით (შესაბამისად, 32.5% და 21.7%). აღნიშნული გარემოება გამოწვეულია თურქეთში საგადასახადო განაკვეთების საქართველოსთან შედარებით უფრო მაღალი დონით (მოგების გადასახადი: საქართველო _ 15%, თურქეთი _ 20%; საშემოსავლო გადასახადი, შესაბამისად, 20% და 15-40%).

თურქეთის სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი შემცირდა მშპ-ის 14 პროცენტიდან 2000 წელს 0.9 პროცენტამდე 2011 წლისთვის.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში დეფიციტის სიდიდე მშპ-ის დაახლოებით 2.3 პროცენტს შეადგენს.

სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები მოსახლეობის ერთ სულზე თურქეთში 3582 აშშ დოლარია, საქართველოში _ 873 აშშ დოლარი. აღნიშნული ინდიკატორით საქართველოს თანაფარდობა თურქეთთან 24.4 პროცენტია, რაც 2000 წლის მაჩვენებელს 15 პროცენტული პუნქტით აღემატება.

რამდენადმე უკეთესია საქართველოს თანაფარდობა თურქეთთან  მოსახლეობის ერთ სულზე საბიუჯეტო ხარჯების მიხედვით – 25.6 პროცენტი (შესაბამისად, 942 დოლარი და 3678 დოლარი).

დღეისათვის მოსახლეობის ერთ სულზე საქართველოში  თურქეთთან შედარებით საბიუჯეტო შემოსავლები 4.1-ჯერ, ხოლო ხარჯები _ 3.9-ჯერ ნაკლებია.

სახელმწიფო ვალი

თურქეთის სახელმწიფო ვალი 2000 წლის 136.7 მლრდ აშშ დოლარიდან 2011 წლისათვის 307.8 მლრდ აშშ დოლარამდე, ანუ 2.25-ჯერ გაიზარდა (აღნიშნულ პერიოდში საქართველოს სახელმწიფო ვალი გაიზარდა 2.1 მლრდ აშშ დოლარიდან 5.1 მლრდ აშშ დოლარამდე, ანუ 2.4-ჯერ). ამჟამად სახელმწიფო ვალის თანაფარდობა მშპ-სთან შეადგენს: თურქეთში – 40.3 პროცენტს, ხოლო საქართველოში – 36.8 პროცენტს.

მოსახლეობის ერთ სულზე სახელმწიფო ვალი 2011 წელს საქართველოში შეადგენდა  1140 აშშ დოლარს, თურქეთში – 4266 დოლარს. ბოლო წლებში საქართველოში  შეინიშნება მოსახლეობის ერთ სულზე სახელმწიფო ვალის შედარებითი სწრაფი ზრდა თურქეთის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. შედეგად, თუ ჯერ კიდევ 2005-2007 წლებში საქართველოს აღნიშნული მაჩვენებელი თურქეთის მაჩვენებლის მხოლოდ 13.5 პროცენტს შეადგენდა, 2011 წლისთვის მან უკვე 26.7 პროცენტს მიაღწია.

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ვალის მოცულობა, როგორც საქართველოში, ისე თურქეთში, აღემატება სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებს, ბოლო წლებში იკვეთება  აღნიშნული ვალის ბიუჯეტთან თანაფარდობის შემცირების ტენდენცია. საქართველოში იგი შემცირდა 2000 წლის 457.2 პროცენტიდან 2011 წლის 130.5 პროცენტამდე, თურქეთში კი  – 183.9 პროცენტიდან 119.1 პროცენტამდე.

ინვესტიციები

2000 წლიდან დღემდე თურქეთმა საქართველოში 1.4 მლრდ. აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა – საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დაახლოებით 16 პროცენტი. პიკური წელი ამ მხრივ იყო 2008 წელი, როდესაც თურქეთის ინვესტიციებმა  საქართველოში შეადგინა 164.5 მლნ. აშშ დოლარი. ამასთან, ჯერჯერობით თურქეთის სავაჭრო ექსპანსია წინ უსწრებს კაპიტალის ექსპანსიას, რის გამოც თურქული საქონლის იმპორტის მოცულობა დაახლოებით 16-ჯერ და მეტად აღემატება თურქეთიდან საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების მთლიან მოცულობას.

გარკვეული პირობითობით, საინვესტიციო დატვირთვა გააჩნია აგრეთვე ფულად ტრანზაქციებს, რომელთა მოცულობამ 2011 წელს თურქეთიდან საქართველოში შეადგინა 27.6 მლნ. აშშ დოლარი (პირიქით, საქართველოდან თურქეთში განხორციელებულმა ტრანზაქციებმა შეადგინა მხოლოდ 3.6 მლნ. აშშ დოლარი).

საგარეო სავაჭრო ბრუნვა და საქართველო-თურქეთის სავაჭრო ურთიერთობები

ზოგადად, ბოლო წლებში საქართველოში წინმსწრები ტემპით იზრდებოდა იმპორტი, მაშინ, როდესაც თურქეთისათვის დამახასიათებელი იყო საპირისპირო ტენდენცია _ ექსპორტის უპირატესი ზრდა იმპორტთან შედარებით. შედეგად, თუ ექსპორტით იმპორტის გადაფარვა საქართველოში დაეცა 2000 წლის 45.7 პროცენტიდან 2011 წლის 31.0 პროცენტამდე, თურქეთში, პირიქით, იგი გაიზარდა 51-დან 56 პროცენტამდე.

2001-2011 წლებში საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მიმდინარე ფასებში) ზრდის ყოველ ერთ პროცენტზე ექსპორტის მოცულობა იზრდებოდა მხოლოდ 0.90 პროცენტით, მაშინ როდესაც – თურქეთში ანალოგიური მაჩვენებელი შეადგენდა 1.96 პროცენტს, ანუ თითქმის 2.2-ჯერ უკეთესს.

ამჟამად მოსახლეობის ერთ სულზე ექსპორტის მოცულობა საქართველოში შეადგენს 490 აშშ დოლარს, რაც 2000 წლის დონეს 6.7-ჯერ აღემატება. იმავე პერიოდში თურქეთის ექსპორტი ამ ქვეყნის მოსახლეობის ერთ სულზე გაიზარდა 4.4-ჯერ და 1853 აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, საქართველოს ჩამორჩენა თურქეთთან საექსპორტო პოტენციალით გაცილებით მეტია ეკონომიკური პოტენციალით ჩამორჩენასთან შედარებით (შესაბამისად, 26.4% და 29.3%).

მიმდინარე ანგარიშის ბალანსი საქართველოსაც და თურქეთსაც «ტრადიციულად» უარყოფითი აქვთ. 2011 წელს მან საქართველოსათვის მშპ-ის _10.7 პროცენტი, ხოლო თურქეთისათვის _ 10.2 პროცენტი შეადგინა.

2006 წლიდან, რუსეთის მიერ ქართულ მინერალურ და ალკოჰოლურ სასმელებზე ემბარგოს გამოცხადების შემდეგ, თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია – ამჟამად მასზე მოდის საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის მეექვსედი, მათ შორის, ექსპორტის 10.4% და იმპორტის 18.0%. საკმარისია ითქვას, რომ ამჟამინდელი იმპორტი თურქეთიდან (1271.5 მლნ. აშშ დოლარი) მნიშვნელოვნად აღემატება 2003 წლის საქართველოს მთლიან იმპორტს, რაც ამ ქვეყანასთან საქართველოს ეკონომიკური ინტეგრირების მაღალ დონეზე მიუთითებს. თურქეთთან საქართველოს სავაჭრო ბრუნვა 2011 წელს შეადგენდა საქართველოს მშპ-ის 10.7 პროცენტს, 2000 წლის 6.1 პროცენტის ნაცვლად.

თურქეთთან საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსის ფიზიკური მოცულობა  2000-2011 წლებში 26.0-ჯერ გაიზარდა (-40.1 მლნ. აშშ დოლარიდან  -1043.9 მლნ. აშშ დოლარამდე).

2011 წელს თურქეთში გატანილ ყოველ დოლარ ქართულ პროდუქციაზე მოდის 5.6 დოლარის იმპორტირებული თურქული პროდუქცია, მაშინ როდესაც 2000 წელს – მხოლოდ 1.5 დოლარისა. შედეგად, 2000 წელთან შედარებით თურქეთის წილი საქართველოს ექსპორტში შემცირდა 2.2-ჯერ (23.0%-დან 10.4%-მდე), იმპორტის წილი კი საგრძნობლად გაიზარდა (15.7%-დან 18.0%-მდე). 

საქართველოც და თურქეთიც მნიშვნელოვანწილად დამოკიდებული არიან ნავთობპროდუქტების იმპორტზე. 2000 წელთან შედარებით საქართველოს ხარჯები ნავთობპროდუქტების იმპორტზე გაეზარდა 7.1-ჯერ, თურქეთს კი _ თითქმის 5.6-ჯერ.  ორივე ქვეყანაში ნავთობპროდუქტების იმპორტის ზრდა მნიშვნელოვნად უსწრებდა იმპორტის საერთო ზრდას. 2001-2011 წლებში საქართველომ განახორციელა 4.8 მლრდ. აშშ დოლარის, ხოლო თურქეთმა _ 297.2 მლრდ. აშშ დოლარის  ნავთობპროდუქტების იმპორტი. ნავთობპროდუქტების იმპორტის ღირებულების ზრდის ტემპი 2001-2011 წლებში აღემატებოდა მთლიანი შიდა პროდუქტის ნომინალურ ზრდას:  3.7-ჯერ – საქართველოში და 3.6-ჯერ – თურქეთში.

ქართული საზოგადოება, საქართველოს მოსახლეობა, როგორც თურქული საქონლის მომხმარებელი, სულ უფრო აქტიურად მონაწილეობს თურქეთის სახელმწიფოს ფისკალურ გაძლიერებაში – მარტო 2011 წელს საქართველოში განხორციელებული ექსპორტის წყალობით თურქეთის ეკონომიკაში დასაქმდა 60 ათასზე მეტი ადამიანი.  ჩვენი მოსახლეობის მიერ გადახდილი ყოველი მესამე-მეოთხე ლარი თურქეთის ეკონომიკაში «იდება» და მის აღმავლობას ემსახურება.

ხისტი კორელაცია არ არსებობს, თუმცა, გარკვეული სიმბოლური დატვირთვისაა ის, რომ საქართველოში განხორციელებული ექსპორტის წყალობით თურქეთში შექმნილი ხსენებული დამატებითი 60 ათასი სამუშაო ადგილი ფაქტობრივად შეესაბამება ჩვენთან 2003 წლიდან უმუშევართა რიცხოვნობის ზრდის მაჩვენებელს...

მიუხედავად ბოლო წლების ეკონომიკური ზრდისა, საქართველო თავისი განვითარების დონით თურქეთის მხოლოდ  30 პროცენტის დონეზეა. ამასთან, ბოლო ოთხი წელიწადია, შეჩერდა საქართველოს თურქეთთან ეკონომიკური განვითარების დონის დაახლოების პროცესი, ზოგიერთი ინდიკატორით კი (მშპ მთლიანად და მოსახლეობის ერთ სულზე მსყიდველობითი უნარიანობის პარიტეტით) ხსენებული თანაფარდობა გაუარესდა კიდეც.

საქართველოს თურქეთთან ეკონომიკური ჩამორჩენის დონის «კონსერვაცია», თურქეთის მზარდი ეკონომიკური პოტენციალი, დისპროპორცია იმპორტ-ექსპორტის მოცულობაში, საზღვრების გახსნილობა სულ უფრო იოლად რეალიზებადს  ხდის თურქულ ეკონომიკურ ექსპანსიას საქართველოში, თურქეთის მიერ ქართული სამომხმარებლო ბაზრის (და არა მარტო) არათუ დაჩრდილვის, არამედ აბსორბციის საფრთხეს. ამ კუთხით, ბათუმიდან სტამბულის (და ახლა უკვე ანკარას) მიმართულებით საჰაერო რეისების თურქეთის შიდა რეისების სტატუსით განხორციელება აღნიშნული პროცესის მხოლოდ პირველ ნიშნებად შეიძლება ჩაითვალოს.

იოსებ არჩვაძე

ახალი სტატიები
მსოფლიოს არხები და გაზეთის PDF ვერსია
ბოლო ნომერი (#386)
"ისტორიული მემკვიდრეობა"

ყურადღება: არანორმატიული და უხამსი ლექსიკის შემცველი კომენტარები არ გამოქვეყნდება. კომენტარები გამოქვეყნდება სამუშაო დღეებში 11-დან 18 საათამდე. 18 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები გამოქვეყნდება მეორე დღეს.
წერს: პეტრე
ყველაფერი შესანიშნავად იცით რაც ხდება,მაგრამ გამოსავალი ამ მდგომარეობიდან არა,ვინც იცის მას არ აღიარებთ.
წერს: მუნჯი
ჩვენ ალბათ სომხები რომ 1837 წელს იყო განვითარების იმ დონეზე ვართ ...1837 წელს ნიკოლოზ პირველი ერევანს ესტუმრა. მას დიდი ამბით, ანუ როგორც ახლა ვხდებით მგზნებარე ენთუზიაზმით ჩვენი მთავრობის წარმომადგენლებს, შეხვდა სომეხთა ბრბო. ამ ბრბოს წინამძღვარს დროშასავით ამართული, ჯოხზე წამოცმული, გაპუტული და ენაწაჭრილი, მაგრამ ჯერ კიდევ ცოცხალი ბატი მოჰქონდა...
-Что это? = გაიკვირვა თვითმპყრობელმა.
-здешний обычай, Ваше Величество! - აუხსნა გუბერნატორმა.
გვირგვინოსანი ამ პასუხით არ დაკმაყოფილდა და ფლიგელ-ადიუტანტი გაგზავნა ამბის გასაგებად. გამოირკვა, რომ ეს ჩალურჯებულ-გაძვალტყავებული ბატი სიმბოლოა თურმე იმ მდგომარეობისა, რომელშიც ეს ხალხი იმყოფება: ,,ჩვენც ამ ბატივით კანამდე ვართ გაპუტული და იმის უფლებაც არა გვაქვს ჩვენს ბედშავობაზე კრინტი დავძრათო". რამდენი ხანია მას შემდეგ გასული?
წერს: რუსო
მაგრამ თურკეთში დგეისდგეებით სამოციათასზემეტი ქართველი მუშაობს და ესეც უნდა გაგხსენებოდათ ბატონო პროფესორო
კომენტარები Facebook კომენტარები
გაგზავნა
კომენტარი წარმატებით დაემატა!
Rss დასაწყისი
"ისტორიული მემკვიდრეობა" (ყველას ნახვა/არქივი)
გაზეთ "საქართველო და მსოფლიოს" ონლაინ ვერსია
  EISSN 2233-3908

© საქართველო & მსოფლიო 2017. ყველა უფლება დაცულა