ვახტანგ მაისაია: სავარაუდოდ ეს იყო ძალიან მკაცრი საუბარი თურქეთის პრემიერის მხრიდან და თუ ასე გაგრძელდა, ასეთი თითის ქნევები მომავალშიც იქნება
ზომა
A

ორშაბათი, 20 მარტი / 2017 17:43

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა სტამბოლში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ევროპის ბალ-მასკარადი დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „hurriyet“ ავრცელებს. 


ერდოღანის თქმით, ბოლო დროს რაც ევროპაში ხდება, აჩვენებს, რომ თურქეთის წინააღმდეგ ბრძოლა ახალ ეტაპზე გადავიდა. მისივე განმარტებით, აღნიშნული ქმედებები მიზნად ისახავს თურქეთის პროვოცირებას, რომ ვითარება კიდევ უფრო დაიძაბოს და ოფიციალურმა ანკარამ საპასუხო ნაბიჯები გადადგას: მივმართავ მათ, ვინც ხავერდოვან ხელთათმანში რკინის ხელს იყენებს: თურქეთთან არ გაგივათ ეს. თურქეთი, რომელიც თავს იხრიდა თქვენი მუქარებისა და ტირანიის წინაშე, წარსულს ჩაბარდა. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ვინმემ ზიანი მიაყენოს ჩვენს მოქალაქეებს და ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც შეეცდება ამის გაკეთებას, შედეგებს თავის თავზე იგრძნობს“, - დასძინა ერდოღანმა. 

როგორ აისახება საქართველოზე თურქეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დაძაბვა, კონკრეტულად რა ცვლილებებია რეგიონში მოსალოდნელი რა პოლიტიკა უნდა გაატაროს საქართველომ ამ ყველფერთან მიმართებაში, „საქართველო და მსოფლიო“ კომენტარისთვის ექსპერტებს დაუკავშირდა.

 

ჰამლეტ ჭიპაშვილი: თურქეთს დასავლეთის მიმართ ნამდვილად აქვს წყენის საფუძველი, იმიტომ რომ ეს ქვეყანა უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია, ცდილობს ევროკავშირში შესვლას და ყველა მისი ნაბიჯი ამ მიმართულებით უშედეგო აღმოჩნდა. ამას ადრე თუ გვიან, ბუნებრივია, დაძაბულობა მოჰყვებოდა, მაგრამ ახლა მთავარია, რა დონემდე მივა ეს დაძაბულობა. აშკარაა, რომ აქ საქმე არ ეხება მხოლოდ ლიდერებს შორის დაძაბულობას, სახეზეა სახელმწიფოთა შორის არსებული საკმაოდ მწვავე კონფრონტაცია და სანამდე შეიძლება მივიდეს ეს პროცესები, კაცმა არ იცის.

რაც შეეხება საქართველოს, ოფიციალური ანკარა უკვე პირდაპირ იმუქრება ნატოდან გასვლით და მასთან ურთიერთობის გაწყვეტით, ამ დროს საქართველო თავგასაპნული უძვრება ამ ორგანიზაციას. მეტიც, თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის უფროსმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ამასწინათ განაცხადა, რომ მზად არიან, ფოთის პორტი ნატოს დაუთმონ. ახლა თქვენ წარმოიდგინეთ, რა ურთიერთობა გვექნება ამ ყველაფრის ფონზე სახელმწიფოსთან, რომელიც დღითიდღე სულ უფრო ცუდი თვალით უყურებს ნატოს და საბოლოოდ იქიდან გასვლაზეც შეიძლება ფიქრობდეს. ცხადია ამას გარკვეული დაძაბულობა მოჰყვება და თუ ერდოღანი დაინახავს, რომ საქართველო ისევ თავგასაპნული მიისწრაფვის ალიანსისკენ, შესაბამისი განცხადებებიც გაკეთდება; მეტიც, ძალიან მკაცრი ნაბიჯებიც გადაიდგმება და საბოლოოდ ამას ჩვენთვის კარგი შედეგი ნამდვილად არ მოჰყვება; ასე რომ ეს ყველაფერი გასათვალისწინებელი და ასაწონ-დასაწონია ჩვენი ხელისუფლების მხრიდან, მაგრამ ამის გამაზრებელი დღეს სამწუხაროდ საქართველოში არავინაა. სათავეში სხედან სრული უვიცები, რომლებიც გეოპოლიტიკის გაგებაში არ არიან და ისე იღებენ გადაწყვეტილებებს, რომ რა იქნება შედეგი, რა პროცესები წავა შემდგომ და რას მივიღებთ საბოლოოდ, საერთოდ არ ფიქრობენ...

 

პეტრე მამრაძე: საქმე ის გახლავთ, რომ დღესდღეობით მთლიანად ევროგაერთიანების ქვეყნებში არის სერიოზული დემოგრაფიული კრიზისი. მათ ფაქტობრივად ახალგაზრდები არ ჰყავთ. ამ დროს თურქეთში სულ სხვა ვითარებაა. ამასწინათ ერდოღანმა ერთ-ერთ დემონსტრაციაზე პირდაპირ მიმართა მოსახლეობას, თითოეულმა ოჯახმა ხუთ-ხუთი შვილი გააჩინეთო. ანუ, ამ მხრივ იქ პრობლემა არ არსებობს. ასე რომ, შესაძლოა, ამასაც გულისხმობდა ერდოღანი, როცა განაცხადა, რომ ევროპის ბალ-მასკარადი დასრულდა. ეს მხოლოდ ვარაუდის დონეზე შეიძლება ვთქვათ, თუმცა არ არის გამორიცხული, უფრო სერიოზული სახეც მიიღოს მომავალში ევროკავშირის ზოგიერთ სახელმწიფოსა და ოფიციალურ ანკარას შორის არსებულმა დაძაბულობამ. ყოველ შემთხევავში, მე არ მგონია, რომ ეს ყველაფერი ჩვენს რეგიონში რამეს ფუნდამენტურად შეცვლის უახლოეს ხანებში, მსგავსი მოლოდინი არ მაქვს. ისე, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრია დამოკიდებული ჩვენი ხელისუფლების პოზიციაზე, თუ იქნება ადეკვატური პოლიტიკა, პრობლემები და თავსატკივარი ცხადია, ნაკლები გვექნება...

 

ვახტანგ მაისაია: დღესდღეობით საქართველოში არავინ საუბრობს იმაზე, თუ რას შეცვლის თურქეთსა და ნატოს, თურქეთსა და ევროკავშირს შორის არსებული დაძაბულობა ორი სახელმწიფოს, საქართველოსა და თურქეთის ურთიერთობაში. ეს ძალიან ბევრ რამეს შეცვლის. პირველ რიგში კი უნდა ითქვას ის, რომ ოფიციალური ანკარისთვის ევროკავშირის კარი საბოლოოდ დაიხურა და მისი ევროგაერთიანებაში შესვლის პერსპექტივა პრაქტიკულად ნულია. ასევე სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მისი დარჩენა-არდარჩენის საკითხი, ამ დროს მიდის ინტენსიური მოლაპარაკებები კრემლთან და მეტიც, უკვე საუბარია პირდაპირ სტრატეგიულ პარტნიორობაზე მათ შორის. ეს იმას ნიშნავს, რომ რეგიონში ფუნდამნენტურად იცვლება პოლიტიკური ვითარება და ეს ცვლილებები, რა თქმა უნდა, საქართველოსაც შეეხება.

აქვე მინდა შევეხო თურქეთის პრემიერ-მინისტრის ბინალი ილდიმირისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრას ბათუმში, ძალიან უცნაური იყო ის ფაქტი, რომ არც პრესრელიზი ყოფილა, არც ოფიციალური განცხადებები და შეფასებები, ასეთი დონის შეხვედრები ასე არ ხდება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ შეხვედრამდე მოხდა ბათუმში მცხოვრები თურქი მოქალაქეების შეკრება და მათ თავიანთ პრემიერს გადასცეს ერთობლივი პეტიცია. არავინ იცის, რა ეწერა იმ პეტიციაში, მაგრამ ერთი რამ ფაქტია, შეხვედრის შემდეგ მხარეებს არანაირი კომენტარი არ გაუკეთებიათ, არანაირი შეფასებები და თუნდაც მინიშნებები იმის თაობაზე, თუ რაზე ისაუბრეს. სავარაუდოდ ეს იყო ძალიან მკაცრი საუბარი თურქეთის პრემიერის მხრიდან და თუ ასე გაგრძელდა, ასეთი თითის ქნევები მომავალშიც იქნება. როგორც ჩანს, რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური გარდაქმნების ფონზე გარკვეული დაძაბულობა გარდაუვალია. თუმცა აქ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენად სწორი და ადეკვატური იქნება საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა ამ პროცესებთან მიმართებაში...

 

ვალერი კვარაცხელია: დღესდღეობით მსოფლიო გეოპოლიტიკურ ასპარეზზე სამი ძირითადი ტენდენციაა გამოკვეთილი და კონკრეტულად რა ტენდენციებს ვგულისხმობ: პირველი, ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების გლობალისტური პოლიტიკის კრახი, რაც გამოიხატა საპრეზიდენტო არჩევნებში ჰილარი კლინტონის დამარცხებითა და სათავეში რესპუბლიკელი ტრამპის მოსვლით. მეორე ტენდენცია, ეს არის ევროკავშირის რღვევა. ზოგადად ევროკავშირი იყო ამერიკის პროექტი და იმთავითვე ცხადი იყო, რა ბედი ელოდა ამ გაერთიანებას. დღეს უკვე ცალსახაა, რომ ეს პროექტი ჩავარდა, რაც შეეხება მესამე ტენდენციას, ეს გახლავთ ნატო. დღეს უკვე აშკარაა, რომ ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანში გაჩნდა ბზარი და ამის ნათელი მაგალითია თურქეთი. ეს ყველაფერი კი რა თქმა უნდა, სერიოზულ ცვლილებებს გამოიწვევს ჩვენს რეგიონში და საქართველოზე ეს მნიშვნელოვნად აისახება. თუმცა მე ყველაზე მეტად მაინც მეშინია იმის, რომ საქართველოს ხელისუფლება აბსოლუტურად მოუმზადებელია ამ პროცესებისთვის. მეტიც, საქართველოს ხელისუფლება საერთოდ ვერ აცნობიერებს, რა ხდება ჩვენს გარშემო და რა პოლიტიკის გატარებაა საჭირო. აი, ეს არის ჩვენთვის ყველაზე დიდი საფრთხე, თორემ თურქეთიც, რუსეთიც და სხვა დანარჩენი მეზობელი სახელმწიფოებიც ყოველთვის იმოქმედებენ თავიანთი ინტერესებით. ჩვენი პრობლემა და უბედურება ის არის, რომ ჩვენ არ გვყავს ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესების დამცველი პოლიტელიტა. ჩვენი ხელისუფლება მთლიანად მოწყვეტილია რეალობას, ჩვენი ხელისუფლება გაგებაში არ არის, რა გარდაქმნები მიდის მსოფლიოში... 

ახალი სტატიები
მსოფლიოს არხები და გაზეთის PDF ვერსია
ბოლო ნომერი (#386)
"ისტორიული მემკვიდრეობა"

ყურადღება: არანორმატიული და უხამსი ლექსიკის შემცველი კომენტარები არ გამოქვეყნდება. კომენტარები გამოქვეყნდება სამუშაო დღეებში 11-დან 18 საათამდე. 18 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები გამოქვეყნდება მეორე დღეს.
წერს: sixa
საქართველოს მთავრობა არ ჰყავსო....... აბა ამერიკის ელჩი ვინ არის!?
წერს: pakuna fxakadze
ბათუმის შეხვეღრაზე კვირიკაშვილის ხმის ამოუღებლობა თანხმობას ნიშნავს პრემიერ ილღირის პრეტენზიებზე, რას ნისნავს მისი ღუმილი ბატუმის შეხვეღრაზე, გასაგებია თვიტონ არ არის პოლიტიკოსი მაგრამ ასეთ შეხვეღრაზე როცა მიღიოღა კონსულტაციები მაინც გაევლო ექსპერტებთან
წერს: გიორგი/.
დღევანდელი მთავრობა \\\"ტერ სააკიანის\\\" ამერიკული პოლიტიკის ინერციის გაგრძელებაა და კორექტივები არ ხდება. დასავლეთის სახელფასო ნემსზე დამჯდარი პოლიტიკოსები და არასამთავრობო \\\"ასო\\\"-ები ცხვირს იქით ვარაფერს ხედავენ და არც სურთ გახედვა. დღეს საქართველოს ლიდერი არ ყავს! დღეს საქართველო განსაცდელშია.
წერს: marina
სპეციალურად დანიშნეს უვიცი მთავრობა რომ იოლი სამართავი იყოს დ მიიღოს ისეთი სატანისტური გადაწყვეტილებები და კანონები რომელიც მათ აწყობს.ნატოს წევრი ქვეყანა არ ვართ და ჩაჩიბაია ფოთის პორტს სთავაზობს ნატოს ,წარმოიდგინეთ მერე რუსეთის რეაქცია და ქმედება ჩვენი ქვეყნის მიმართ.მერე სულგაყიდული არასამთავროები(და არა მარტო) დაიწყებენ ყვირილს რუსეთი აგრესორიაო,აგრესორი კი არა და თავისი ქვეყნის ინტერესებს იცავს,ჩვენგან განსხვავებით
კომენტარები Facebook კომენტარები
გაგზავნა
კომენტარი წარმატებით დაემატა!
Rss დასაწყისი
"ისტორიული მემკვიდრეობა" (ყველას ნახვა/არქივი)
გაზეთ "საქართველო და მსოფლიოს" ონლაინ ვერსია
  EISSN 2233-3908

© საქართველო & მსოფლიო 2017. ყველა უფლება დაცულა