მარგველაშვილის ამბიციები და “ქართული მაიდანი”
ზომა
A

პარასკევი, 17 მარტი / 2017 12:03

რეულობა ბათუმში, სკანდალი საპატრიარქოში დარუსთავი 2”-თან დაკავშირებული კრიზისი _ ეს ტოქსიკური თემები საზოგადოების ყურადღებას მთელი კვირის განმავლობაში იზიდავდა და ის პრაქტიკულად არ აქცევდა ყურადღებას მოსაწყენ პოლემიკას პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის, აგრეთვე, მარგველაშვილის კომენტარებს ქვეყანაში განვითარებულ პროცესებზე. არადა, შესაძლოა, სწორედ აქაა დამალული გასაღები, რომელიც ბოლოდროინდელი მოვლენების გაშიფრვის შესაძლებლობას მოგვცემს.


ბათუმის მოვლენების დროს გიორგი მარგველაშვილი გახლდათ ერთადერთი პოლიტიკოსი, რომელმაც სამართალდამცავები და ვანდალები ერთ სიბრტყეში განიხილა და მათმხარეებიუწოდებდა: “ მოვუწოდებთ ყველა მხარეს შეინარჩუნონ სიმშვიდე”. ეს საკმაოდ სიმპტომატურია, თუმცა შეიძლება მხოლოდ სტილისტური ხარვეზი იყოს. გაცილებით საინტერესოა სხვა რეპლიკა: “მოვუწოდებ ხელისუფლებას, დაიცვას თითოეული მოქალაქის გამოხატვის უფლება; მოვუწოდებ საზოგადოებას, პატივი სცენ სახელმწიფო ინსტიტუციებს”... რას ნიშნავს “მოვუწოდებ ხელისუფლებას”?! თვითონ ხელისუფლების წარმომადგენელი აღარაა? ან რატომ წარმოაჩენს “ხელისუფლებას” და “საზოგადოებას” დაპირისპირებულ მხარეებად და მათთვის უზენაესი არბიტრის როლის შესრულებას ცდილობს? ეს საკმაოდ საგულისხმო დეტალია (თუ რატომ, ამაზე ქვემოთ).

მარგველაშვილი, დიდი ხანია, მოწადინებულია, დაამტკიცოს, რომ ის ნული არ არის, და ახალი ამაში არაფერია. ვის უმტკიცებს? _ ალბათ, საკუთარ თავს, რადგან დანარჩენებისთვის ეს საკითხი უკვე გარკვეულია. პრობლემა კი ისაა, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი მისი ნებისმიერი მოძრაობის უკან მხოლოდ თვითდამკვიდრების სურვილს ხედავს. ფარული მოსმენების თაობაზე საკანონმდებლო პაკეტი ნამდვილად არასრულყოფილია, მაგრამ მარგველაშვილის აქტიურობა ამ მიმართულებით (ფრაქციებისთვის კონსულტაციების შეთავაზება, ხელმოწერის გაჭიანურება და ა.შ.), დიდი ალბათობით, აღქმული იქნება მხოლოდ, როგორც მორიგი საბაბის გამოყენება იმისთვის, რომ პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ სცადოს, დაამტკიცოს, რომ რაღაცას მაინც წარმოადგენს. იგივე შეიძლება ითქვას სხვა პრობლემურ კანონპროექტებზე და საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაზე. მარტივად რომ ვთქვათ, მარგველაშვილი თავისი ჩარევით “აბანძებს” ნებისმიერ თემას და მასზე სერიოზულ მსჯელობას შეუძლებელს ხდის, რადგან წინა პლანზე მისი დაუკმაყოფილებელი ამბიციები გამოდის. გასულ კვირას კონსტიტუციის ცვლილებასთან დაკავშირებული ახალი ამბების დაახლოებით 80% მიეძღვნა მარგველაშვილი-კობახიძის (და მათთან დაკავშირებული პირების) პოლემიკას თემაზე “უჩემოდ ვინ იმღერეთო”, მაშინ როდესაც, წესით, იმ ცვილებების შინაარსზე უნდა გვემსჯელა, რომელზეც საკონსტიტუციო კომისია მუშაობს.

პრეზიდენტის ჩარევა ნებისმიერი საკითხის განხილვაში აქცენტების გადატანით სრულდება, ხოლო საზოგადოების დიდი ნაწილი თავს ანებებს დისკუსიას, რადგან მარგველაშვილის ამბიციები თუ კომპლექსები არ აინტერესებს. მიუხედავად იმისა, რომ ფორმალური თვასაზრისით მარგველაშვილი ოპონირებას უწევსქართულ ოცნებას”, რეალურად მას საეჭვო საკანონმდებლო ცვილებების მიღებაში ეხმარება. თქმული არ ნიშნავს, რომ ეს ეფექტი ჯერ კიდევ 2013-ში იყო გააზრებული და ივანიშვილი მას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ის გამჟღავნდა, ივანიშვილი მას იყენებს.

თვითდამკვიდრების დაუოკებელი სურვილი პრეზიდენტის სუსტი წერტილია. დღეს უუფლებო და, საბოლოო ჯამში, უწყინარ მარგველაშვილს საფრთხის წყაროდ არავინ განიხილავს, თუმცა ყველაზე დიდი შეცდომა პოლიტიკაში ფსიქოლოგიური მოტივების გაუთვალისწინებლობაა – მოზღვავებულმა ამბიციებმა შეიძლება ნებისმიერი ადამიანი თვითმავალ ბირთვულ ბომბად გადააქციოს.

ფაქტია, რომ 2018 წელს მარგველაშვილმა პრეზიდენტის პოსტი უნდა დატოვოს და აბსოლუტურად გამორიცხულია, ის მეორე ვადით აირჩიონ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ყველა ძალა, რომელიც დღეს გვერდით უდგას (თუნდაც კონსტიტუციასთან დაკავშირებულ პოლემიკაში), მას თავის კანდიდატად დაასახელებს _ აქ იგულისხმება “ევროპული საქართველო”, ის, რაც დარჩა რესპუბლიკური პარტიისგან და “თავისუფალი დემოკრატებისგან”, არასამთავრობოების ნაწილი და ა.შ. მათ “ნაცმოძრაობაც” რომ შეუერთდეს (მარგველაშვილი, პრინციპში, უკვე მიუახლოვდა იმ სტადიას, როდესაც შეიძლება “ნაციონალების” ღია მხარდაჭერა მიიღოს), ამით არაფერი შეიცვლება _ რესურსი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის, მოსახლეობის განწყობისა და კანდიდატის სისუსტის გათვალისწინებით, მაინც არასაკმარისია. კომენტატორების უმრავლესობა მარგველაშვილის პერსპექტივების შეფასებისას საუბრობს იმაზე, რომ ის, სავარაუდოდ, შექმნის კონსტრუქციულ პროდასავლურ ოპოზიციურ გაერთიანებას, რომელიც თავის საპატიო 5%-იან, საუკეთესო შეთხვევაში 15%-იან ნიშას დაიკავებს. ეს სცენარი სავსებით ლოგიკურად გამოიყურება, მაგრამ სასურველია, მედლის მეორე მხარესაც შევხედოთ _ თუ არჩევნებში გამარჯვება გამორიცხულია, ოლიმპოზე ადგილის შენარჩუნების ერთადერთი შესაძლებლობა გადატრიალება ხდება.

დაუკმაყოფილებელი ამბიცია უაღრესად საშიში რამ არის. რა მოხდება, თუ მარგველაშვილის პოლიტიკური პარტნიორები და გარემოცვის წევრები მიანიშნებენ, რომ უზრუნველყოფენ მის დარჩენას ავლაბრის რეზიდენციაში, თუ პრეზიდენტი მათ მიერ მოწყობილ გადატრიალებას ლეგიტიმაციას შესძენს და, მარტივად რომ ვთქვათ, “გააპრავებს” მას? მარგველაშვილს შეიძლება უთხრან, რომ არაფრით რისკავს, რადგან, გეგმის ჩაშლის შემთხვევაში, ავანსცენაზე უბრალოდ არ გამოვა.

აქ აუცილებელია, ყურადღება, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო ნიუანსს მივაქციოთ _ სააკაშვილის მომხრეების რადიკალური ნაწილი უკმაყოფილებით შეხვდა “რუსთავი 2”-თან დაკავშირებული პროცესის გაწელვას (სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ). მათ, როგორც ჩანს, დაძაბულობის ესკალაცია სწყუროდათ. თქმული არ ნიშნავს, რომ მყისიერი წარმატების ილუზია ჰქონდათ (ისევე, როგორც გასულ შაბათს ბათუმში), მაგრამ პრობლემა ისაა, რომ სააკაშვილს სჭირდება “საკრალური მსხვერპლი” ან, თუ გნებავთ, “მეორე 7 ნოემბერი”, რომელიც შესაძლებლობას მისცემს, შემდგომი მოვლენები სასურველი სცენარით წარმართოს.

რა მოხდებოდა, თუ სტრასბურგის სასამართლო “რუსთავი 2”-ის პრობლემის გადაწყვეტას გაურკვეველი ვადით არ გადადებდა? “ნაციონალების” რადიკალური ნაწილი, სავარაუდოდ, აღმართავდა ბარიკადებს, დაიწყებდა “მაიდნისთვის” დამახასიათებელ აქციებს, რომლებიც, ძალიან დიდი ალბათობით, მალევე სამართლადამცავებთან ან “ქართული ოცნების” მხარდამჭერებთან მასშტაბური შეტაკებით დასრულდებოდა, შედეგად შეიძლებოდა დაღუპულიყო ან მძიმედ დაშავებულიყო რამდენიმე აქტივისტი. შემდგომ საქმეში ჩაერთვებოდნენ ის მოღვაწეები, რომელნიც პირველ ეტაპზე რადიკალურ ქმედებებს ემიჯნებოდნენ და აყვირდებოდნენ იმაზე, რომ რეჟიმი და მისი “ტიტუშკები” თავისუფალი სიტყვის დამცველებს ჩაგრავენ (ან სულაც _ კლავენ). დრამატურგიული თვალსაზრისით, ეს იქნებოდა იგივე, რაც 2013 წლის 30 ნოემბერს კიევში “კარვების ქალაქის” დარბევა, რომლის შემდეგ, ერთი შეხედვით, პერიფერიული პროცესი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა და სტარტი მისცა გაცილებით მასშტაბურ “ევრომაიდანს”.

მსგავსი ინციდენტის შემდეგ საქმეში შეიძლება არა მხოლოდ უფლებადამცველები და ნაციონალების სატელიტი არასამთავრობოები ჩაერთონ, არამედ უცხოელი დიპლომატებიც და ეს შექმნის შესანიშნავ ფონს იმისთვის, რომ ავანსცენაზე სავსებით კეთილშობილური მიზნით (ძალადობის შეჩერება) პრეზიდენტიც გამოვიდეს, რომელიც, შესაძლოა, შეეცადოს, ისევე, როგორც ეს 2013-14 წლების მიჯნაზე კიევში მოხდა, სამართალდამცავების ძალის ლეგიტიმური გამოყენების უფლების შეზღუდვას (ფაქტობრივად, ჩამორთმევას), აგრეთვე, დაავალოს “მაიდანშიკების” და ხელისუფლების მომხრეების დაშორიშორება. ამის პარალელურად, რადიკალები, რომლებიც საკუთარ თავს მორატორიუმს, ცხადია, არ დაუწესებენ, ალბათ, შეეცდებიან, თბილისში დაძაბულობის ახალი კერები შექმნან. საბოლოოდ, მთავრობას არ დარჩება სხვა გზა, გარდა იმისა, რომ უხეში ძალა გამოიყენოს ან დანებდეს. პირველი ვარიანტი უარყოფითად აისახება მის ლეგიტიმურობაზე, დიდი ალბათობით, გააუარესებს საინვესტიციო გარემოს და ნაწილობრივ მაინც ჩაშლის ტურისტულ სეზონს, ის დასავლეთის მუდმივი კრიტიკის (და, შესაძლოა, გარკვეული შეზღუდვების) ობიექტი გახდება და ა.შ. მოკლედ, ხელისუფლება მიიღებს მძიმე ჭრილობას, როგორც ეს სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს დაემართა. მეორე ვარიანტი კი, ალბათ, არ უნდა წარმოვიდგინოთ, როგორც მყისიერი კაპიტულაცია, არამედ _ დროში გაწელილი “სამშვიდობო პროცესი”, რომლის ფორმალური მოდერატორი და “მთავარი დამბალანსებელი” პრეზიდენტი მარგველაშვილი გახდება. ის, რომ “რუსთავი 2”-ის საკითხის გადაწყვეტა გადაიდო, არ ნიშნავს, რომ მსგავსი რამ არ მოხდება. შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ ნაციონალები პოლიტიკური პროცესის რადიკალიზაციის შესაძლებლობას ეძებენ და ეჭვგარეშეა, რომ ადრე თუ გვიან იპოვიან მას თბილისში, ბათუმში თუ სხვაგან (თუმცა “რუსთავი 2”-ის საქმე ამ მხრივ ყველაზე მოსახერხებელ საბაბს წარმოადგენდა).

“ქართული მაიდანი”, დიდი ალბათობით, გააერთიანებს ყველას, ვისაც არჩევნებით ხელისუფლებაში მოსვლის შანსი არ აქვს, და ძნელი სათქმელია, გახდება თუ არა გიორგი მარგველაშვილი გამონაკლისი. ერთი შეხედვით, მას ყოფნის კეთილგონიერება იმისთვის, რომ აშკარა ავანტურაში მონაწილეობა არ მიიღოს, მაგრამ დაუკმაყოფილებელი ამბიცია ფრიად ოხერი რამ არის, ხოლო საპრეზიდენტო ვადის დასრულებამდე არც ისე ბევრი დრო რჩება. ასე რომ, საკმაოდ ძნელია იმის პროგნოზირება, რას გააკეთებს გიორგი მარგველაშვილი, თუ ძველი რეჟიმის წარმომადგენლები შეეცდებიან, საქართველოში უკრაინული სცენარი გაითამაშონ. ასეა თუ ისე, მოვლენების შემდგომ განვითარებაში მან შეიძლება გაცილებით მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს, ვიდრე წარმოვიდგენია.

დიმიტრი მონიავა

ახალი სტატიები
მსოფლიოს არხები და გაზეთის PDF ვერსია
ბოლო ნომერი (#385)
"ისტორიული მემკვიდრეობა"

ყურადღება: არანორმატიული და უხამსი ლექსიკის შემცველი კომენტარები არ გამოქვეყნდება. კომენტარები გამოქვეყნდება სამუშაო დღეებში 11-დან 18 საათამდე. 18 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები გამოქვეყნდება მეორე დღეს.
წერს: tata
daayenos parlamentma impichmentis sakitxi,plastelinas mosacileblad da magit damtavrdeba margvelashili ocneba
წერს:
ყოჩაღ დიმიტრი.გეტყობათ მეგრული ღრმა აზროვნების წიაღ სვლები
კომენტარები Facebook კომენტარები
გაგზავნა
კომენტარი წარმატებით დაემატა!
Rss დასაწყისი
"ისტორიული მემკვიდრეობა" (ყველას ნახვა/არქივი)
გაზეთ "საქართველო და მსოფლიოს" ონლაინ ვერსია
  EISSN 2233-3908

© საქართველო & მსოფლიო 2017. ყველა უფლება დაცულა