ბართლომეს ღამე ბათუმში _ სპონტანური პროტესტი თუ დაგეგმილი პროვოკაცია
ზომა
A

პარასკევი, 17 მარტი / 2017 11:58

ხუმრობა საქმეა _ რუსთაველზე წლების განმავლობაში ჩატარებულ საპროტესტო აქციებზე, “ხიდან ფოთოლი რომ არ ჩამოვარდნილადა ამით ვყელყელაობდით ქართველები, თურმე ეს სიამაყე ყოფილა ევროპისკენ მიმავალი საქართველოსთვის მთავარი დაბრკოლება. ის, რაც გასულ კვირას ბათუმის ცენტრში ვიხილეთ _ დამწვარ-აყირავებული მანქანები, ჩამსხვრეული ვიტრინები, მოლოტოვის კოქტეილების ფოიერვერკი თუ ქვების სროლა, ბებერი ევროპისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა და შეიძლება ითქვას, ევროპული ფასეულობის დამკვიდრების ერთ-ერთი ტესტი საქართველოს ახალგაზრდა დემოკრატიამ წარმატებით ჩააბარა, ანუ აღსრულდა, რასაცჩუმის ნატვრითა ნატრობდა ყველა ქართველი”...


საქართველო უკვე ევროპული ოჯახის წევრია და ეს, მიუხედავად იმისა, რომ ქაღალდზე მოცემული ვიზალიბერალიზაცია შეიძლება ბრიუსელმა თავზე გადაგვახიოს “რუსთავი 2”-ის “დაჩაგვრის” გამო.

“ვულოცავ” ქოცებსა და ნაცების ხელისუფლებას ამ ღირსშესანიშნავ მოვლენას!

ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით... სერიოზულად კი, გასულ კვირას საქართველო შარს გადაურჩა აჭარის დედაქალაქში.

ახლა ბევრს ბჭობენ, რა იყო ის, რაც ბათუმში მოხდა _ სპონტანურად დაწყებული პროტესტი, რომელიც ბუნებრივად გადაიზარდა ვანდალურ რბევა-დაწიოკებაში თუ წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია?

ამ კითხვას ოპოზიცია თუ ხელისუფლება საკუთარი სამრეკლოდან სცემს პასუხს და წინამდებარე წერილის მიზანიც ის არის, რომ ნანახისა თუ გაგონილის ანალიზით შეძლებისდაგვარად დავხატოთ მომხდარის მეტ-ნაკლებად ობიექტური სურათი... ერთი რამის თქმა ახლავე შეიძლება:

საპროტესტო აქცია სპონტანურად დაიწყო მას შემდეგ, რაც აფთიაქთან გაჩერებული მანქანის გამო პატრულმა შვილმკვდარი მამა, უკანონოდ თუ არა, უსულგულოდ და, თანაც, როგორც ამბობენ, შეუსაბამოდ დიდი თანხით დააჯარიმა.

ამას მოჰყვა მძღოლის შელაპარაკება პატრულთან, სამართალდამცველის მხრიდან კი _ ფიზიკური შეურაცხყოფა “დამნაშავისა”, რომელიც მას გამოქომაგებულ შემთხვევით გამვლელებთან ერთად (სულ 6 კაცი) დააკავეს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით.

ამან გამოიწვია დაკავებულთა ახლობლების (თავდაპირველად, 2-3 ათეული ადამიანი) შეკრება პოლიციის სამმართველოსთან დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნით. ეს დადგენილი ფაქტია, მიუხედავად იმისა, რომ ამას არ აღიარებს ხელისუფლება...

აი, ამის შემდეგ დაიწყო, რაც დაიწყო _ პროტესტანტების რაოდენობა მატულობდა _ მათ შეუერთდნენ შემთხვევითი გამვლელები და გულშემატკივრები და, თუ ეს მომენტი “მთავარმა ოპოზიციამ” _ “ნაცმოძრაობამ” გამოიყენა და ხელი შეუწყო დაძაბულობის ესკალაციას, სრულიად ბუნებრივია _ რა, ჩვენ, ვინც წლების განმავლობაში ვიბრძოდით სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმის წინააღმდეგ, იმავეს არ ვშვრებოდით? განა ხელიდან გავუშვებდით მსგავს მომენტს?

ოპოზიციის მთავარი დანიშნულება ხელისუფლებისთვის პრობლემების შექმნაა და, აქედან გამომდინარე, მიუღებელია ქოცების ხელისუფლების წუწუნი ნაცების პროვოკაციის გამო.

ვისი ბრალია, რომ ნაციონალებს განიხილავენ მშვიდობიანი პროტესტის აგრესიულ-ვანდალურ აქციად გარდაქმნის ორგანიზატორებად და, საერთოდ, რომ არსებობენ და ხმის ამოღებას ბედავენ? _ კითხვა რიტორიკულიც არის და ამ 5 წლის განმავლობაში, ალბათ, მილიონჯერ დასმულიც. პასუხი: ქართული ოცნებისდა პირადად ბიძინა ივანიშვილის!

ქოცებისგანვე მოდის დამუნათება ნაცებისა, რომ ისინი ხელისუფლებაში დასაბრუნებლად მოქმედებენ პრინციპით “ქვა ქვაზეც ნუ დარჩენილა”, რაც, არათუ ამართლებს, ბრალს უმძიმებს კვირიკაშვილ-კობახიძის (წაიკითხე _ ბიძინა ივანიშვილის) უუნარო ხელისუფლებას.

ბათუმის ბართლომეს ღამემ კიდევ ერთხელ დამარწმუნა იმ მწარე რეალობაში, რომ ქოცების ხელისუფლებაში არ არსებობენ პიროვნებები და, აქედან გამომდინარე, ავტორიტეტები, რომლებიც ბათუმში ჩავიდოდნენ და გაბედავდნენ ეგზალტირებულ მასასთან გასვლას და დაშოშმინებას...

ამასობაში ნაცებისგან შეგულიანებულ-მომარაგებული პროტესტანტების მოთხოვნა გასცდა 6 კაცის განთავისუფლებას და მას ბათუმის გორელი “პოლიცმეისტერის” თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნაც დაემატა, რადგან პროტესტანტთა შორის გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს ბათუმის პოლიციის გორელ უფროსს აჭარლებისთვის თათრები უწოდებია. აღშფოთებული აჭარლების აქციის მოტივი სწორედ ის იყო, რომ აჭარლები არავისზე ნაკლები ქართველები არ არიან.

ამის დასტურია თუნდაც ის, რომ აშკარად პროვოცირებულმა ანტიქართულმა სკანდირებამ _ “საქართველოს რა?” და პასუხმა: “დედის ...!”, რომელიც პირდაპირ ეთერში ვიხილეთ, საბედნიეროდ, განვითარება ვერ ჰპოვა.

ქოცების ხელისუფლება აჭარლების თათრებად მოხსენიების ფაქტსაც უარყოფს, მე კი ეს მჯერა, რადგან ასეთი რამის სრულიად უსაფუძვლოდ დაბრალება ნაცების მხრიდანაც კი საეჭვოა.

თუმცა ჩემი და სხვების “მჯერა-არ მჯერა” არავის დააინტერესებდა, ხელისუფლებას ჭკუა რომ ჰქონდეს იმდენი, რამდენიც ჰქონდათ “საზიზღარ კომუნისტებს” და აქვთ “საყვარელ ამერიკელებს”...

კომუნისტებს, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ბევრს ჰგონია, თითქოს ვისაც, სადაც უნდოდათ, იქ დანიშნავდნენ და კაციშვილი ხმას ვერ ამოიღებდა, ერთი დაუწერელი კანონი ჰქონდათ: რაიკომის მდივანი იქნებოდა, აღმასკომის თავმჯდომარე თუ მილიციის უფროსი, აუცილებლად იმ რაიონისა და ქალაქის მკვიდრი თუ არა, წარმოშობით მაინც უნდა ყოფილიყო იქაური, სადაც ინიშნებოდა.

სულ მცირე, ეს დანიშვნა ადგილობრივ მმართველობასთან უნდა ყოფილიყო შეჯერებული.

ეს დაუწერელი კანონი განსაკუთრებულად ავტონომიური წარმონაქმნების მიმართ სრულდებოდა.

ამერიკელები უფრო შორს წავიდნენ და ადგილობრივ შერიფებს (პოლიციის უფროსებს), სოფელ-ქალაქების მერებს, როგორც პრეზიდენტებს, პირდაპირი არჩევნებით, ფარული კენჭისყრით ირჩევენ.

მართალია, ჩვენს განსახილველ თემას პირდაპირ არ ეხება, მაგრამ საგულისხმოა, რომ გათავისუფლებულ ალეპოში რუსეთმა არაბების ერთმორწმუნე ჩეჩნებითა და ინგუშებით დაკომპლექტებული სუნიტ მუსლიმთა პოლიციის რაზმი შეიყვანა... რუსული ანაშუშურიწესი რომ დაეცვაქართული ოცნებისხელისუფლებას, ვეჭვობ, ბათუმის პოლიციის უფროსად გორელი ან თუნდაც თბილისელი აერჩიათ ან დაენიშნათ და ეს სავსებით ნორმალურია, ხოლო არანორმალური ისაა, თბილისს კოკელი მერი რომ ჰყავს.

ამერიკული ან საბჭოთა წესის დაცვის შემთხვევაში, აჭარლების თათრებად მოხსენიებას არავინ დაიჯერებდა, იმ 6 დაკავებულს დროულად გაათავისუფლებდნენ და ევროპისთვის ჩვეულ ვანდალიზმს თავიდან ავირიდებდით.

ამისათვის კი საჭიროა, აჭარის ავტონომია ავტონომია იყოს და არა ქაღალდზე არსებული ფიქცია. ასე იყო სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში და ასეა ივანიშვილის “დემოკრატიის” პირობებშიც _ აჭარას არავინ არაფერს ეკითხებოდა და არც ახლა ეკითხება.

სააკაშვილის მმართველობის პერიოდში სოხუმი და ცხინვალი დე იურედაც დავკარგეთ; ქართველებს ერთი აჭარაღა დაგვრჩა, რომელიც 300 წლის განშორების შემდეგ, რუსეთ-თურქეთის 1877_78 წლების ომის შედეგად დაუბრუნდა დედასაქართველოს და მას შემდეგ არც დე ფაქტო და არც დე იურე პრობლემა არ შეუქმნია ქვეყნისთვის. და ვის ვეძახით თათრებს _ ისტორიის ბედუკუღმართობის გამო საუკუნეების განმავლობაში დედასამშობლოს მოწყვეტილ აჭარლებს?

მხოლოდ იმიტომ, რომ მათი ნაწილი მუსლიმანია? არადა, სწორედ აჭარაში იქადაგეს ქრისტიანობა პირველ საუკუნეში(!) ანდრია პირველწოდებულმა და სიმონ კანანელმა და სწორედ ამ კუთხიდან გავრცელდა ქრისტეს მოძღვრება დანარჩენ საქართველოში.

ზევით რუსეთ-თურქეთის ომი ვახსენე, რომლის შედეგადაც დავიბრუნეთ აჭარა, რაც დიდი ზარ-ზეიმით აღინიშნა თბილისში. ამ საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ ილია ჭავჭავაძის თანამებრძოლი, ლეგენდარული მემედ აბაშიძე და სხვა გამოჩენილი მოღვაწენი აჭარისა.

დიდი ილია ჯერ კიდევ მაშინ საგანგებოდ აღნიშნავდა, რომ რჯულით სხვადასხვაობა არაფერია სისხლ-ხორცით ერთობასთან; რომ აჭარამ შეძლო ილიასეული “მამული, ენა, სარწმუნოებიდან” ორის _ მამულისა და ენის, ანუ ქართული მენტალობის შენარჩუნება და დღეს ჩვენ, ილიას მემკვიდრეები, რას ჩავდივართ, მაშინ, როდესაც აჭარლების ქრისტიანებად მონათვლამ შეუქცევადი ხასიათი მიიღო? _ თათრებს ვუწოდებთ ჩვენს სისხლსა და ხორცს?!

დიახ, ჩვენ, რადგან პოლიციელის ავყიობაზე პასუხისმგებლობა ყველა ჭეშმარიტ მამულიშვილს გვეკისრება...

შემდეგ იყო რომანოვების იმპერიის კრახი და საბჭოთა რუსეთსა და ქემალისტურ თურქეთს შორის საჯილდაო ქვა ისევ მრავალტანჯული აჭარა შეიქნა. დღეს კი აჭარის ავტონომიის გარანტი, 1921 წლის ყარსის ხელშეკრულების ძალით, პუტინის რუსეთი და ერდოღანის თურქეთია...

ამ კონტექსტში შევახსენებ ადრინდელ თუ ახლანდელ პოპულისტებს (რომლებიც აჭარის ავტონომიის გაუქმების შესახებ რეფერენდუმის გამართვას ან კიდევ უარესს _ რეფერენდუმის გარეშე ავტონომიის გაუქმებას ითხოვენ) 2008 წლის აგვისტოს ომს, რომლის დროსაც თურქეთის პრეზიდენტი მოსკოვში ჩავიდა და პუტინს აჭარის დაკავების ნებართვა სთხოვა, რის უფლებაც არ მისცა რუსეთის პრეზიდენტმა. ზემოხსენებული “საქართველოს რა?” იმ ძალების რეპეტიცია იყო, რომლებიც ხელსაყრელ მომენტს ელოდებიან, რათა აჭარა ამა თუ იმ ფორმით აახლიჩონ დედასამშობლოს და ამ ძალებში ვგულისხმობ იმ ათასობით თურქს, რომლებსაც სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა.

“ყველაზე მნიშვნელოვანია იმის დადგენა, ვინ იდგა ამ ყველაფრის უკან”, _ განაცხადა აჭარის უზენაესი საბჭოს ქოცების მაჟორიტარმა დეპუტატმა მუხრან ვახტანგაძემ და იქვე დასძინა, დამნაშავენი უმკაცრესად დაისჯებიანო, რაც, ვფიქრობ, უაზრობაა, რადგან ისედაც ვიცით, რომ ამ ყველაფრის და იმ ყველაფრის უკან ვითომ დაშლილი, სინამდვილეში კი ისევ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა”, რომლის ლიდერებისთვის ხელის ხლებას, ვეჭვობ, ვერ გაბედავს ქოცების ფარჩაკი ხელისუფლება.

მათ დაჭერას გაბედავენ კი არა, დაჭერილი უგულავა გმირად გამოვიდა ციხიდან და იგივე ელით ახალაია-მერაბიშვილსაც.

აქედან გამომდინარე, უმკაცრესად, ალბათ, ის ყმაწვილები დაისჯებიან, რომლებიც ქვებს ისროდნენ და მანქანებს წვავდნენ, ანუ შემსრულებლები, ხოლო ორგანიზატორები გამარჯვებული “რუსთავი 2”-ის ეთერიდან ისევ ჭკუის დარიგებას და მორალის კითხვას გააგრძელებენ.

ამიტომ ხელისუფლებას მოვუწოდებ: ერთხელ მაინც გამოიჩინეთ კაცობა და, გიგა ბოკერია-ლევან რამიშვილს თუ ვერ დაიჭერთ, რომელთა თავებშიც იხარშება საქართველოს დესტაბილიზაციის სცენარები, იმ რამდენიმე ათას თურქს მაინც გაუუქმეთ სააკაშვილის მიერ ბოძებული საქართველოს მოქალაქეობა, რადგან ეს არმია ნაცების ლიდერთა არმიად განიხილება და, თუ სიტუაცია ისე დაიძაბა, რომ ერდოღანი კვლავ მოსკოვს გაფრინდა, არ ვარ დარწმუნებული, ვლადიმერ პუტინმა კიდევ ერთხელ შეუშალოს ხელი თურქეთის პრეზიდენტს საქართველოს ანექსიაში, რადგან დღეს ანკარა მოსკოვის სტრატეგიული მოკავშირეა, თანაც რუსეთის პრეზიდენტს უკვე მობეზრდა უმადური ქართველებისთვის “კოჭის გორება”...

ასე რომ, თუ დროზე არ მოვეგეთ გონს, საქართველოს დასავლეთმა საზღვარმა, უკეთეს შემთხვევაში, შეიძლება მდინარე ცხენისწყალზე გაიაროს.

დავით მხეიძე

ახალი სტატიები
მსოფლიოს არხები და გაზეთის PDF ვერსია
ბოლო ნომერი (#386)
"ისტორიული მემკვიდრეობა"

ყურადღება: არანორმატიული და უხამსი ლექსიკის შემცველი კომენტარები არ გამოქვეყნდება. კომენტარები გამოქვეყნდება სამუშაო დღეებში 11-დან 18 საათამდე. 18 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები გამოქვეყნდება მეორე დღეს.
წერს: თორნიკე არველაძე
ძალიან ყურადსაღები სტატიაა,მადლობა ავტორს,ჩვენ კიდევ ქართველებო დროზე მოვეგოთ გონს,შემოვკრათ განგაშის ზარი და ქუდზე კაცით დავდგეთ ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად.
წერს: წამებულები
\\\"ქოცი\\\" ამ სიტყვამ უკვე \\\"გაგშიფრა\\\" მხეიძე არ მგონია შენი წინაპარი იყოს!!!
კომენტარები Facebook კომენტარები
გაგზავნა
კომენტარი წარმატებით დაემატა!
Rss დასაწყისი
"ისტორიული მემკვიდრეობა" (ყველას ნახვა/არქივი)
გაზეთ "საქართველო და მსოფლიოს" ონლაინ ვერსია
  EISSN 2233-3908

© საქართველო & მსოფლიო 2017. ყველა უფლება დაცულა