ფული ევროპასაც ანათებს
ზომა
A

პარასკევი, 17 მარტი / 2017 11:43

2006 წლის 28 იანვარს ოქროყანაში წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა სადისტურად აწამეს და მოკლეს სანდრო გირგვლიანი. იმხანად ეს ამბავი ყველაზე რეზონანსული იყო და მას შემდეგ, რაც საქართველოში სამართალი ვერ იპოვა, სანდროს დედამ, ირინა ენუქიძემ, სტრასბურგში იჩივლა. საქმე _ ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ, სტრასბურგის მოსამართლეებმა თაროზე შემოდეს და საბოლოო განჩინება 2011 წლის 27 აპრილს გამოიტანეს, მაშინ, როცა ერთადერთი შვილის დაღუპვით დამწუხრებული ქალბატონი ირინა ცოცხალი აღარ იყო.


სასამართლო გმობს იმ გარემოებას, რომ ხელისუფლებამ თვალი დახუჭა მოსარჩელეების მიერ წამოყენებულ სარწმუნო ბრალდებაზე, რომ დანაშაულის უშუალო ჩამდენები და ზოგიერთი იმ ჯგუფიდან, რომელიც კაფეში შს მინისტრის მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა, (დანაშაულის) თანამონაწილენი იყვნენ. ხელისუფლების მიერ ამგვარი შერჩევითი მიდგომა სასამართლოსთვის მიუღებელია, რადგანაც იმისათვის, რომ გამოძიება ეფექტიანი იყოს, მისი დასკვნები ყოველთვის უნდა ეფუძნებოდეს ყველა შესაბამისი ელემენტის ღრმა, ობიექტურ და მიუკერძოებელ ანალიზს. სასამართლო გაოგნებულია იმ შეთანხმებული ქმედებებით, რომლითაც ხელისუფლების სხვადასხვა შტო მოქმედებდა... რათა ამ საშინელი მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო”, _ ეს სტრასბურგის სასამართლოს განჩინებაში წერია და როგორ გინდა, დაიჯერო, რომ წლების განმავლობაში ეს საქმე თაროდან ერთხელაც არ ჩამოიღეს, ერთხელ მაინც არ გადაიკითხეს, წარმოებაში მიღებისას ხომ მაინც წაიკითხავდნენ და, ამის მიუხედავად, წლების განმავლობაში თითი თითზე არ დაუკარებიათ. რატომ? არ უნდოდათ და იმიტომ. და კიდევ იმიტომ, რომ ჩვენი სასამართლოსავით, რომლის მოქმედებითაც გაოგნდნენ, მიკერძოებულები იყვნენ...

ცნობისთვის: იმავე სტრასბურგის სასამართლომ, რომელიც გირგვლიანის მკვლელობით გაოგნდა, საბერძნეთის ციხიდან გაათავისუფლებინა ამ მკვლელობის ერთ-ერთი ორგანიზატორი დათა ახალაია. ამავე სასამართლოს მითითებით, საფრანგეთში დაკავებული დავით კეზერაშვილი ბოდიშის მოხდით გაუშვეს და...

სანდრო გირგვლიანის შემდეგ იყო ბუტა რობაქიძე, ვაზაგაშვილი, ნორა კვიციანი და ვინ იცის კიდევ რამდენი უკანონოდ დაპატიმრებული თუ ქუჩაში საჯაროდ დახვრტილი. გვახსოვს სერგო თეთრაძეც, გლდანის ციხის ჯურღმულებში ნაწამები და მოკლული პოლკოვნიკი, თუმცა, ყველა შემთხვევაში, როცა საქმე სტრასბურგამდე მიდიოდა, მორიგე მოსამართლეები თუ, უბრალოდ, მოსამართლეები, ქართულ საქმეს ყველაზე მაღალ თაროზე დებდნენ და დაზარალებულები წლობით ელოდნენ სამართალს.

სამაგიეროდ, სატრაბურგის მოსამართლეებმა შესაშური ოპერატიულობა გამოიჩინეს და მაშინ, როცა “რუსთავი 2”-მა მიმართა, ერთ დღეში ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რათა პასუხიც ყოფილიყო და განჩინებაც. უვადოდ შეჩერებული აღსრულების საქმე, დიდი ალბათობით, ზუსტად იმდენ ხანს გაჭიანურდება, რამდენ ხანსაც სანდრო გირგვლიანის საქმე და ყოველგვარი კეკლუცობის გარეშე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროპული სასამართლო გვერჩის. დიახ, ჩვენ გვერჩის, რიგით ადამიანებს, და ზუსტად ისეთი შერჩევითი სამართალია იქაც, როგორიც აქ იყო სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში.

შესაძლოა, ვინმე შემოგვედავოს, “რუსთავი 2”-ის ამბავი იმიტომ დააჩქარეს, რომ საქმე მედიას ეხებაო, მაგრამ ისიც გვახსოვს, როგორ დაარბია წინა ხელისუფლებამ ტელეკომპანიაიმედიდა ეს საქმეც ისევე შემოდეს თაროზე სატრაბურგის მოსამართლეებმა, როგორც მრავალი სხვა.

სხვათა შორის, წინა ხელისუფლების ზეობის ხანაში, როცა წლის დასაწყისში წინა წლის გახარჯული თანხები ქვეყნდებოდა, ერთ-ერთი დიდი იყო ქვეყნის პიარში დახარჯული თანხები. ათეულ მილიონობით ლარი გაურკვეველი წარმომავლობის ლობისტური კომპანიების ანგარიშზე ირიცხებოდა, საქართველოში საქმიანი სახეებით ჩამოდიოდნენ დამკვირვებლები თუ ევროპარლამენტარები, ნახულობდნენ ყველაფერს, შედიოდნენ ციხეებში და ბოლოს ისეთ დასკვნებს წერდნენ, ყველაზე ცივილიზებულ ქვეყნებსაც რომ შეშურდებოდათ. იმ პერიოდში ოპოზიცია ამბობდა, რომ ხელისუფლება ამ ყველაფერში სოლიდურ ქრთამს იხდიდა, რაზეც ხელისუფლების მხრიდან აგრესია მოდიოდა და თითის ქნევით გვიკიჟინებდნენ, როგორ ბედავთ და ევროპარლამენტარებზე, ევრომოსამართლეებზე და, საერთოდ, ვინმეზე, ვინც ევროპას წარმოადგენს, ცუდს ამბობთო. თავის მხრივ, ევროპარლამენტარები გვამუნათებდნენ, _ თქვენს განვითარებაზე ვზრუნავთ, რა ქრთამი და პრემია, რომელი საუკუნეაო?!

არადა, კარლ ბილდტი ხომ გახსოვთ, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელმაც სახელი ევროპაში იუგოსლავიის კონფლიქტისას მედიატორობით გაითქვა? ჰოდა, ეს პატივცემული გვამი საქართველოს ხშირი სტუმარი გახლდათ, ჩამოდიოდა, ჭკუას გვარიგებდა და გვეუბნებოდა, თქვენი გადამრჩენი სააკაშვილიაო. შემდეგ კი გაირკვა, რომ იმ ლობისტურ კომპანიას, რომლის შეფიც ბილდტი მინისტრობამდე იყო, საქართველოს მთავრობამ 18 მილიონი ლარი გადაურიცხა. მაშინ ლარის კურსი ისეთი იყო, რომ ეს 18 მილიონი ლარი ათ მილიონ დოლარზე მეტი იყო. მთლიანობაში კი, საქართველოს ხელისუფლებიდან, ბილდტის კომპანიის ანგარიშზე 14-ჯერ გადაირიცხა თანხა და მილიონზე ნაკლები არც ერთი არ ყოფილა. თუ ეს კორუფცია და ევროპელების მოსყიდვის მაგალითი არ არის, მაშინ საქართველოში შვედეთის ყოფილ ელჩს _ ჰანს გუნარ ადენს მოუსმინეთ:

“რაც შეეხება ჩემს მოხსნას, საერთოდ არაფერი განუმარტავთ. მითხრეს, რომ უცებ უნდა ჩამელაგებინა ჩემოდნები და სახლში გავმგზავრებულიყავი. ვადასტურებ, რომ ეს მოხდა სწორედ იმ ანგარიშის შემდეგ, რომელიც 2008 წლის იანვარში არჩევნების გაყალბების თაობაზე ეჭვების არსებობის შესახებ დავწერე. მაშინ ჯერ კიდევ წელიწად-ნახევარი მქონდა ვადა, ჩემი გამოგდება არ შეიძლებოდა. გამომიძახეს სახელმწიფო მდივანთან და მითხრეს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი უკმაყოფილო იყო ჩემი ანგარიშებით, რომ ისინი ეწინააღმდეგებოდა საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნებს და თვითონ საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ დაწერილ ბლოგს, რის შესახებაც მე არაფერი ვიცოდი. შემეკითხნენ, რატომ მივეცი თავს უფლება, ამ სახით გამომეხატა სათქმელი. დამკვირვებლებმა თავიანთი თავდაპირველი პოზიტიური დასკვნები არჩევნების შესახებ მოგვიანებით შეცვალეს და აღიარეს, რომ დარღვევებს ჰქონდა ადგილი. ვიგრძენი, რომ ამ ყველაფრის შემდეგ თანამშრომლობა საგარეო საქმეთა მინისტრთან არარეალური იყო. 2009 წელს დამევალა საქართველოში ჩასვლა, რათა მეხელმძღვანელა საელჩოსთვის შვედეთის ევროკავშირის თავმჯდომარეობის პერიოდში. როდესაც ჩავედი საქართველოში და შევუდექი საქმიანობას, უცბად საწინააღმდეგო ბრძანება მოვიდა. ერთადერთი, რაც მითხრეს, იყო: “ხომ იცი, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი უკმაყოფილოა შენი ანგარიშით”. სავარაუდოდ, იმ ანგარიშს გულისხმობდნენ. საქართველოში დამალული არ არის, რომ ბილდტი და სააკაშვილი მეგობრობენ და რაღაც თანხებზეც ხმამაღლა საუბრობენ”, _ ამბობს ადენი.

რა გამოდის? ხელისუფლება, თუ თანხას არ იხდის, სამართალს ვერ პოულობს? აბა, რას უნდა მივაწეროთ ის, რომ 2007 წლის ნოემბრის დარბევა ძალის გადამეტებად არ შეაფასეს ევროპელებმა, 11 მარტს ბათუმში მომხდარი აქციის დაშლას კი ეჭვის თვალით უყურებენ და მის გამოსაძიებლად საქართველოში დელეგაციის ჩამოსვლაც არის დაგეგმილი?! სავარაუდოდ, დასკვნაც უარყოფითი იქნება, იმიტომ, რომ... ფული ევროპასაც ანათებს და არ თქვათ ახლა, არაო... ბილდტი გაიხსენეთ და კიდევ... კიდევ ის დასკვნები, მთელი ცხრა წელი ცხვირში რომ გვჩრიდნენ ნაციონალები, _ თქვენ რა იცით, აგერ ამერიკა და ევროპა გვაქებს და კარგ დასკვნებს გვიწერსო.

ევროპა გვერჩის... უფრო სწორად, ევროპა უფულო საქართველოს ერჩის!

ბესო ბარბაქაძე

ახალი სტატიები
მსოფლიოს არხები და გაზეთის PDF ვერსია
ბოლო ნომერი (#386)
"ისტორიული მემკვიდრეობა"

ყურადღება: არანორმატიული და უხამსი ლექსიკის შემცველი კომენტარები არ გამოქვეყნდება. კომენტარები გამოქვეყნდება სამუშაო დღეებში 11-დან 18 საათამდე. 18 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები გამოქვეყნდება მეორე დღეს.
წერს: გიორგი/
ძირს \\\"ნაცბანდა\\\", დამნაშავენი ციხეში.
კომენტარები Facebook კომენტარები
გაგზავნა
კომენტარი წარმატებით დაემატა!
Rss დასაწყისი
"ისტორიული მემკვიდრეობა" (ყველას ნახვა/არქივი)
გაზეთ "საქართველო და მსოფლიოს" ონლაინ ვერსია
  EISSN 2233-3908

© საქართველო & მსოფლიო 2017. ყველა უფლება დაცულა